LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ყაზახეთში მეტი მანდარინის გატანა სურს–ყაზახური მედია საქართველოზე წერს

51

ამ ეტაპზე ყაზახეთი საქართველოდან ყოველწლიურად, 300-500 ტონა ციტრუსს იღებს, საქართველოს კი მეტი მანდარინის შემოტანა სურს – ასეთი ლიდით აქვეყნებს სტატიას ყაზახური ბიზნესგამოცემა “ატამეკენი”.

გამოცემა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ლაშა კომახიძის კომენტარსაც აქვეყნებს, სადაც ის იმედს გამოთქვამს, რომ ყაზახეთს მეტი პოტენციალი აქვს და არა მხოლოდ ციტრუსის მიმართულებით.

“ჩვენ ვაღიარებთ, რომ ალმათის ვაშლს განსაკუთრებული გემო აქვს, თუმცა თქვენ უნდა შეგვპირდეთ, რომ ყაზახეთში აჭარის ციტრუსი იქნება.

ამ მაჩვენებლების გაზრდას ველით. გვინდა ასევე ყურადღება გავამახვილოთ რძის გადამამუშავებელ ქარხანაზე, თევზის ფერმებზე და სხვა პროდუქტებზე“, – განაცხადა კომახიძემ.

საქართველოს ყოველწლიურად ექსპორტზე 30 ათასი ტონა ციტრუსის გატანა შეუძლია. ტრადიციული ბაზარი მისთვის რუსეთია (18 ათასი ტონით), უკრაინა (8 ათასი ტონით) და სომხეთი (3 ათასი ტონით), ყაზახეთი კი 312 ტონით.

ამ მონაცემების მიხედვით, ყაზახეთში საქართველოს ციტრუსის მთლიანი ექსპორტის 1% გადის.

გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ყაზახეთის კაპიტალით 160 საწარმოა დარეგისტრირებული. ინვესტიციებისა და განვითარების ვიცე–მინისტრმა ტიმურ ტოკბაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულია.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადებები, აჭარაში საინვესტიციო ფორუმზე გაკეთდა. ამავე ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, რომელიც წლების განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში აღნიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

“ყოველ წელს აჭარას მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და სტატისტიკა მუდმივად იზრდება. ჩვენი რეგიონი მდიდარია კულტურული სანახაობებით, მაღალი კლასის სასტუმროებით, პოტენციური სათხილამურო კურორტებით… ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ბიზნეს ტურიზმიც “, -განაცხადა პატარიძემ.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები