LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და რუმინეთს შორის დღეიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

88

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით დღეს პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, პირველი რეისი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით 16:30 საათზე დაეშვება. ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.

„დღეიდან იწყება ავიამიმოსვლა საქართველო-რუმინეთს შორის. ეს ორ ქვეყანას შორის, ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულებაა. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 1-ელი აგვისტოდან, თბილისის აეროპორტში რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით“, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

მისივე ინფორმაციით, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობს ახალ ავიამიმართულებებზე. 15 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ევროპის კიდევ ერთი დედაქალაქის, ვენის მიმართულებით შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები