LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2-დან 14 წლამდე ბავშვების 20%-ზე მეტს სცემენ – “საია”-ს კვლევა

108

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოში 2-დან 14 წლამდე ბავშვების 20%-ზე მეტს სცემენ და ამას უმეტესად მამები აკეთებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, ყველაზე გავრცელებული ფორმა ფსიქოლოგიური ძალადობაა, რაც ბავშვის დაშინებაში, ოჯახის წევრების მხრიდან მუდმივ კრიტიკაში, აგრესიულ დამოკიდებულებასა და მისი ინტერესების იგნორირებაში გამოიხატება. ეს ქმედებები კი იმის წინაპირობაა, რომ ბავშვს ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება და დაკარგოს დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება ძალადობას სკოლებში, გამოკითხული ბავშვების 25% მიუთითებს, რომ ძალადობის მსხვერპლი გამხდარა ან მის მეგობარზე იძალადეს.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამების ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ”გაეროს ბავშვთა ფონდის” 2013 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა სოციალური ნორმაა და ეს ძალიან მძიმე შედეგებს გვაძლევს.

რა მეთოდებს იყენებენ მშობლები ყველაზე ხშირად ბავშვებზე ძალადობის დროს? გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ინფორმაციით, ყველაზე ხშირია დარტყმა, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გამოთქმები და მიმართვები.

“ბავშვის იგნორირება და მისი ინტერესების უგულებელყოფა ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება საქართველოში. მშობლები ცდილობენ, რომ დათრგუნონ ბავშვები, მათი მოსაზრებები და მისწრაფებები. მშობლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკეთ იციან, რა სურთ მათ შვილებს. მშობლები, ხშირად აღიქვამენ ბავშვებს საკუთრებად და არა ინდივიდებად, რომლებსაც აქვთ საკუთარი შეხედულებები, სურვილები, მისწრაფებები და ინტერესები, რომელიც განსხვავდება მშობლების სურვილებისგან. გაეროს ბავშვთა ფონდის მიზანია შეიცვალოს სოციალური ნორმა და ბავშვის ცემა და მისი მკაცრად აღზრდა არ იყოს ჩვეულებრივი მოვლენა, რომ საზოგადოებამ დაარქმევს სახელი და თქვას, რომ ბავშვის აღზრდის ეს ფორმები არის ძალადობა. მხოლოდ ამის შემდეგ დადგება მეორე ეტაპი, სადაც დავიწყებთ მსჯელობას და გაჩნდება ბავშვების აღზრდის ძალადობრივი მეთოდის ალტერნატიული ფორმა,” – ამბობს ქურციკიძე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კვლევაში გამოიკვეთა, საზოგადოების მინიმალური ჩართულობაა ბავშვთა ძალადობის აღმოფხვრის კუთხით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები