LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში აცრები შესაძლოა, სავალდებულო გახდეს  

საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. როგორც „ფორტუნას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ,   პაატა იმნაძემ, განაცხადა, საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ჯანდაცვის სამინისტრო პარლამენტს ინიციატივით, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე მიმართავს.

„ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით ოფიციალურ დონეზე განხილვები დაწყებულია, როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე კონსულტაციები მიმდინარეობს იურისტებთანაც. სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, იმუნიზაციის  ეროვნული კომიტეტიც და ჩემი ინფორმაციით, ჯანდაცვის კომიტეტიც. განსხვავებული პოზიცია აქვთ იურისტებს.  ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის ნებაყოფლობითობის პრინციპის შეზღუდვა. სავალდებულო ვაქცინაციას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. განხილვის პროცესში გათვალისწინებული იქნება ევროპული ქვეყნების  გამოცდილებაც,“ –  ამბობს პაატა იმნაძე.

რა მექანიზმით მოხდება მშობლების დავალდებულება, აცრან ბავშვები, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია. იმნაძის ინფორმაციით, ამისთვის  საფრანგეთში საჯარიმო სანქციები მოქმედებს, ხოლო ამერიკაში აუცრელი ბავშვებს სკოლები არ მიიღებენ .

მსოფლიოში ყოველწლიურად ინფექციური დაავადებებისაგან 14 მილიონი ადამიანი იღუპება. მათგან ნახევარზე მეტი 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია. ზოგიერთი ინფექციური დაავადება, მაგალითად, პოლიომელიტი საქართველოში  აღარ გვხვდება, თუმცა დაავადების სხვა ქვეყნიდან შემოტანის საფრთხე მაინც არსებობს, თითქმის აღარ გვხვდება ქვეყანაში დიფტერიაც, მაგრამ არასწორი და არამასობრივი იმუნიზაციის გამო, 1995 წელს დიფტერიის “აფეთქება” და დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

ინფექციებისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად ვაქცინაცია ითვლება. პედიატრების რეკომენდაციის მიუხედავად,  მშობლების ნაწილი, სხვადასხვა მოსაზრების გამო, თავს არიდებს ბავშვების ვაქცინაციას.

აცრებს შვილს გეგმიური კალენდრის მიხედვით უკეთებს ინგა მაისურაძე. თუმცა,  4 წლის ლუკას დედა სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგია. მშობელი მთავარ არგუმენტად პედიატრების კვალიფიკაციას და აცრების ხარისხს ასახელებს.

„ჩემს ირგვლივ, მინიმუმ, სამი ბავშვი ვიცი, რომლებმაც ვაქცინაციის შემდეგ განვითარება შეაფერხეს. არიან ბავშვები, რომლებშიც ჯანმრთელობის პრობლემები ფარულად მიმდინარეობს და აცრის შემდეგ პროცესი შეუქცევადი ხდება. საქართველო არ არის საფრანგეთი, სადაც სამედიცინო პერსონალს ამ რისკების სწორად შეფასება და აცრების გადავადება შეუძლიათ,“ – განმარტავს „ფორტუნასთან“ მშობელი.

აცრების მნიშვნელობაზე საუბრობენ პედიატრებიც.  მათი ნაწილი მომხრეა, აცრები სავალდებულო გახდეს. ციციშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი, პედიატრი დავით რეხვიაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც აცრებზე უარის თქმამ შეიძლება, გამოიწვიოს.

„როდესაც საქმე ინფექციების მართვას ეხება, საკითხი  მშობლის სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და გადაწყვეტილება პედიატრმა უნდა მიიღოს.  ყველას უნდა ესმოდეს, რომ საუბარია მისი შვილის, სხვა ბავშვების და მთლიანად საზოგადოების უსაფრთხოებაზე. არის ქვეყნები, სადაც საზღვრის გადაკვეთა  ქვეყანაში ინფექციების შეტანის თავიდან ასარიდებლად, სავალდებულო აცრების ცნობის გარეშე, აკრძალულია. კარგი იქნება, თუ საქართველოშიც ამოქმედდება რაიმე სახის მექანიზმი.  მაგალითად, სახელმწიფო ბაღებსა  და სკოლებში მისაღებად  აცრების ჩატარების ცნობის  წარდგენა იქნება საჭირო,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ რეხვიაშვილი.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, პედიატრების რეკომენდაციით, ბავშვს ორი თვის ასაკში, სანამ სამკომპონენტიან აცრას დაიწყებს, უნდა  გაუკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი და გაესინჯოს პედიატრს. სასურველია,  ბავშვი შეამოწმოს ნევროლოგმაც.

სავალდებულო ვაქცინაციის იდეას არ ემხრობა დიდი ბრიტანეთი. ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის (BMA) მიერ გამოქვეყნებული უახლესი დასკვნის მიხედვით, ვაქცინაცია უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური გზაა ბავშვების ინფექციური დაავადებებისგან დასაცავად თუმცა,  მშობლების უნდა მიეცეთ არჩევანის საშუალება.

ექიმი-პაციენტის ურთიერთობა ეფუძნება ნდობას, არჩევანს და ღიაობას და ვფიქრობთ, სავალდებულო ვაქცინაციის დანერგვა ამ კუთხით საზიანო იქნება,” – განმარტებულია BMA-ს დასკვნაში.

მომავალი წლიდან ვაქცინაცია სავალდებულო ხდება  საფრანგეთში. მშობლები ვალდებულები იქნებიან, ბავშვებს გეგმიური აცრები ჩაუტარონ. ვაქცინები სამ დაავადებაზე  –  დიფტერია, ტეტანუსი და პოლიომიელიტი, საფრანგეთში უკვე სავალდებულოა. სხვა ვაქცინები კი, მათ შორის ჰეპატიტისა და ყივანახველას საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, მომდევნო წლიდან სავალდებულო 11 სახის ვაქცინაცია გახდება.

საქართველოში აცრების ეროვნული კალენდარი 12 ვაქცინას მოიცავს. ბავშვები შემდეგ ინფექციებზე იცრებიან:  დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია და ა.შ. ამ დაავადებებს  ძალიან მწვავე გართულებების გამოწვევა შეუძლიათ.

 

 

თამუნა გოგუაძე