LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბელარუსული წარმოების ლიფტების აწყობა იგეგმება

104

საქართველო-ბელარუსის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსიმ, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსელ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ამავე დროს არის საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარე, ბელარუსელ კოლეგასთან განიხილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრების გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებული სავაჭრო-ეკონომიკური ჯგუფის მუშაობა, რომელიც პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში უკვე აისახა. აღინიშნა, რომ 2017 წლის პირველ 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 24 პროცენტით, ექსპორტი კი – 50 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება ტურიზმის მაჩვენებლებს, 2017 წლის პირველ 10 თვეში, საქართველოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ერთობლივ პროექტებზე, მათ შორის, საქართველოში ბელარუსული წარმოების ლიფტების შემოტანა-დამონტაჟების, პერსპექტივაში კი მათი საქართველოში აწყობის შესახებ. გარდა ამისა, საუბარი წარიმართა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები