LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბუნებრივი გაზის სექტორის მოდერნიზება იგეგმება

103

სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, კომისიის მიზანი ბუნებრივი გაზის სექტორის სამართლებრივი და მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოებაა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ, ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა იანეს კოპაჩმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის კანომდებლობის მიხედვით ბუნებრივი გაზის რეფორმირების თაობაზე მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განხორციელებული EU4Energy Governance Project (ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა) პროექტის ფარგლებში იმართება. მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიაში მონაწილეობენ როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, ბუნებრივი გაზის სექტორის მონაწილეები და სამოქალაქო საზოგადოება. ღონისძიებაზე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის სტრუქტურების წარმომადგენლებს. დისკუსიის მონაწილეები საუბრობენ ევროკავშირის ენერგეტიკის პოლიტიკისა და სამართლის რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩვენი მიზანია დარგის სამართლებრივი და მარეგულირებელი ნორმები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას დავუახლოვოთ და ამ პროცესში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ, EU4Energy Governance Project პროექტის ფარგლებში გაწეული დახმარებით განხორციელდეს ბუნებრივი გაზის სექტორის სამართლებრივი ბაზის დახვეწა ისე, რომ გათვალისწინებული იყოს საქართველოს სპეციფიური გარემოებები და მახასიათებლები. რეფორმები სიკეთეს მოუტანს თანაბრად როგორც ბიზნესსექტორს, ასევე მოსახლეობას. აღნიშნული პროცესი წარმოადგენს ჩვენი ბუნებრივი გაზის სექტორის მოდერნიზების და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების საშუალებას და უფრო დაგვაახლოვებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,“ – განაცხადა ირინა მილორავამ.

სემეკის ცნობით, საქართველომ აიღო ვალდებულება ენერგეტიკული გაერთიანების პროტოკოლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შემდგომი ორი წლის განმავლობაში, ბუნებრივი გაზის სექტორში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დააახლოებაზე. ევროკავშირის „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ დანერგვა მოიაზრებს ბუნებრივი გაზის სექტორის რესტრუქტურიზაციას და კონკურენციისთვის გახსნას, ასევე მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელის უზრუნველყოფას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბაზრის ახალ მოდელზე უმტკივნეულოდ გადასვლის პროცესი საჭიროებს სექტორის მონაწილეთა ეფექტურ და აქტიურ ჩართულობას, პროცესში მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსიების ორგანიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი იანეს კოპაჩი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ენერგოსექტორის მონაწილეებთან ერთად შეძლებენ, სტაბილური და გამჭვირვალე სამართლებრივი გარემო შეიმუშავონ.

გაზის მომხმარებლებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ ბუნებრივი გაზის ბაზრის რეფორმები მათ სიცივეში დატოვებს, არამედ პირიქით, ენერგეტიკული პაკეტი უზრუნველყოფს კონკრეტული ნორმების შემუშავებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაცავად, ასევე ბუნებრივი გაზის მიწოდების გასაუმჯობესებლად და იძლევა მიმწოდებლის გამოცვლის მარტივი წესის დანერგვის გზით, გაზის მიმწოდებლის არჩევის საშუალებას. ეჭვგარეშეა, რომ წინ მრავალი გამოწვევა იქნება, მაგრამ დღეისათვის საქართველოს ენერგოსექტორის მონაწილეთა მხრიდან გამოხატული ძალზედ დადებითი თანამშრომლობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ შევიმუშავოთ სტაბილური, გამჭვირვალე სამართლებრივი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციებს და მთავარ ამოსავალ წერტილად დაისახავს ენერგომომხმარებლებს”, – განაცხადა იანეს კოპაჩიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის თქმით, კი უფრო ეფექტური და გამჭვირვალე ბუნებრივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბებისკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის.

„საქართველო მზადაა დანერგოს ევროკავშირის ენერგეტიკის სექტორის პრინციპები და მარეგულირებელი ნორმები. ყველა ჩვენგანისთვის ნათელია, რომ უფრო ეფექტური და გამჭვირვალე ბუნებრივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბებისკენ მიმავალი გზა არ არის მარტივი. განვითარების სხვა პარტნიორებთან ერთობლივად, ევროკავშირი კვლავაც მზადაა მხარდაჭერა გაუწიოს მთავრობას და არსებული გამოწვევა გარდაქმნას, როგორც შესანიშნავი შესაძლებლობა ეკონომიკური განვითარებისთვის და თითოეული მოსახლისთვის უკეთესი მომსახურების უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები