LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დამზადებული ავეჯი საფრანგეთსა და ბელგიაში გაიყიდება

2675

საქართველოში წარმოებული ავეჯი საფრანგეთსა და ბელგიაში გაიყიდება. ავეჯის მწარმოებელი კომპანია ”პანცილიონი” საკუთარი პროდუქტის ექსპორტზე გატანას მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გეგმავს. სწორედ ამ პერიოდში გაიხსნება ”პანცილიონის” ახალი საწარმოც, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია.

როგორც ”ფორტუნას” “პანცილიონის” პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა მარიამ ბანცურმა განუცხადა, კომპანიას ერთი საწარმო უკვე აქვს, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებს.

“გარდა იმისა, რომ კომპანია “პანცილიონს” ავეჯი ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან შემოაქვს, 2016 წლიდან მომხმარებელს შეუძლია ჩვენთან, საქართველოში დამზადებული ნებისმიერი სახის ავეჯიც შეიძინოს. პირველი საწარმო 2007 წელს გავხსენით და თავიდან მხოლოდ ლეიბების წარმოებით დავიწყეთ. სულ 2 სახეობის ლეიბის დამზადების შესაძლებლობა გვქონდა, ახლა კი საწარმოში 15-მდე სახეობის ლეიბი მზადდება და ამას გარდა, თუ მომხმარებელი მოითხოვს, შეგვიძლია არასტანდარტული მატრასებიც დავამზადოთ. 2008 წლიდან რბილი ავეჯის წარმოებაც დავიწყეთ, ხოლო 2016 წლიდან ნებისმიერი ტიპის ავეჯი შეგვიძლია დავამზადოთ – საძინებლები, სამზარეულოები, მისაღები ოთახები და ა.შ.”, – აღნიშნა ბანცურმა.

მისივე ინფორმაციით, ახალი საწარმო სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიხსნება და ის იქნება გაცილებით დიდი და უფრო თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი. ”რაც მთავარია, გაიზრდება წარმადობა და ამასთანავე შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ახალი საწარმოს გახსნა განაპირობა ჩვენს ნაწარმზე გაზრდილმა მოთხოვნამ და იმ ფაქტმა, რომ გაზაფხულიდან ჩვენი ნაწარმი ექსპორტზე საფრანგეთსა და ბელგიაში გაგვაქვს,” – განმარტა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა.

ცნობისთვის, “პანცილიონი” ქართულ ბაზარზე 15 წელია ოპერირებს და ამ დროისთვის 6 ფილიალითაა წარმოდგენილი: 3 ფილიალი თბილისში, დანარჩენი 3 კი – ქუთაისში, თელავსა და ხაშურში ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები