LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა მიმდინარეობს

82

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) მიმდინარეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს შესაბამისი პროექტის მხარდაჭერისთვის.

„GENIE-ს პროექტი 40 მლნ აშშ დოლარის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოში ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობას გულისხმობს. მხარეებმა ასევე განიხილეს პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან.

შეხვედრას, პროექტის მენეჯმენტის გარდა, ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ავთანდილ კასრაძე და ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ლაშხი, აგრეთვე მსოფლიო ბანკის ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების სექტორის მენეჯერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მარიალისა მოტა.

ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა გულისხმობს რეგიონებში კომპანიებისა და ფიზიკური პირების ჩართვას ციფრულ ეკონომიკაში. ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, არსებული თანამედროვე ინოვაციური ტენდენციების ათვისებას მათი მხრიდან და მეორე მხრივ, საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის ინოვაციური მიდგომების შექმნას. ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ნოვატორული იდეების განხორციელებას და შესაბამისად, სამუშაო ადგილების ზრდას.

პროექტი GENIE მსოფლიო ბანკის ქვეყანასთან პარტნიორობის უახლესი სტრატეგიის ძირითადი ელემენტია და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ სტრატეგიას სამუშაო ადგილების ზრდის და კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებით“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები