LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში ისრაელის მოქალაქეთა მიმართ გამოხატული სითბოთი გაოცებული ვარ”

35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელს ეწვია.

ორი ქვეყნის პრემიერმინისტრის პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მონაცემების ზრდის დინამიკა და ამ მიმართულებით არსებული კიდევ უფრო დიდი პოტენციალი.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.

“ქართულ-ებრაული ისტორიის 2600 წელი გვაკავშირებს – ასი ათასობით ებრაელი საქართველოდან, ამჟამად აქ ცხოვრობს. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მათი დიდი ნაწილი, მათ შორის, აქ დამსწრე პირები, ჩემს გულითად მეგობრად მოვიხსენიო. ორივე ქვეყანას დაცული და პროგრესზე ორიენტირებული მომავალი სურს. ჩვენს სახელმწიფოებს ბუნებრივი ადამიანური ურთიერთსიმპათიაც აკავშირებთ – ეს განპირობებულია როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ასევე საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით. მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება – აქ წარმოდგენილი ორივე მხარე ერთნაირადაა შეშფოთებული სირიაში მიმდინარე მოვლენების გარეგანი ეფექტებით, რამაც სხვა, კონფლიქტში ნაკლებად ჩართულ ქვეყნებზეც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს. ისლამური ტერორის დასამარცხებლად თანამშრომლობა გვმართებს”, – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიემინ ნეთანიაჰუმ.

გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ ქართული მხარე ძალიან მოწადინებულია, გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობები ამ განსაკუთრებულ ქვეყანასთან.

მან პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ოფიციალური შეხვედრა გამართა და თბილისში მოიწვია.

ისრაელის პრემიერმა მოწვევა მიიღო და განსაკუთრებული გაოცება გამოხატა, საქართველოში ისრაელის მოქალაქეების მიმართ გამოხატულ სითბოზე.

“ებრაელებსა და ქართველებს შორის პირადი კავშირები და ურთიერთობები მართლაც სამაგალითოა. ამ მხრივ, 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგანაც სწორედ წელს აღინიშნება ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს, როგორც უკვე აღინიშნა, საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენს ერებს შორის არსებული ამ განსაკუთრებული მეგობრობით.

ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება, ხოლო მაღალი რანგის ვიზიტები კიდევ უფრო აძლიერებს ამ მუხტს. ქართული მხარე განუხრელად მიჰყვება ისრაელის სახელმწიფოსთან პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზას. ბატონი პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში, რათა თქვენ თავად იხილოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ ის დამოკიდებულება და სენტიმენტები, რომლებიც ქართველებს გააჩნიათ ებრაელი ხალხის მიმართ.”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები