LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით შესაძლოა, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას

42

საქართველოში კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით შესაძლოა, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. ამ ინიციატივით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოდის.

დეპუტატის განმარტებით, საკუთარ გუნდს სთავაზობს, რომ საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც დეპუტატები, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები და ექსპერტები. ბესელია აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმატი იმუშავებს, რათა საზოგადოებაში არც ერთი ღია კითხვა არ დარჩეს.

გარდა ამისა,  ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საქართველოში კანაფის წარმოება-ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა მოხდეს. დეპუტატის თქმით, იმის გამო, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში საკითხისადმი ემოციური დამოკიდებულებაა, გადაწყვეტილება ცხადი და გასაგები უნდა იყოს.

ბესელია ამბობს, რომ საპატრიარქოს ბოლო მოწოდების შემდეგ ყველა ნორმალური და გონივრულად მოაზროვნე ხელისუფლება კი არ იჩქარებს, არამედ ისე მოიქცევა, როგორც მმართველმა გუნდმა გუშინ გადაწყვიტა.

„კონსულტაციები უნდა გავიაროთ და სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვაა და საპატრიარქოს პოზიციაც არსებობს, რომ ამ საკითხზე მაქსიმალურად ღია დისკუსია იყოს და პრინციპებზე დიალოგის შემდეგ უნდა შევჯერდეთ. ამ საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა მოხდეს. ჩვენი ერთიანი პოზიცია იყო, რომ დიალოგი გაიმართოს იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ამ საკითხზე ბუნდოვანება და არასწორი ინფორმაციის გავრცელება არ მოხდეს,” – აცხადებს დეპუტატი.

ბესელიას მოსაზრებით, საპატრიარქოსთან დიალოგის წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია.

„კანონპროექტის ყველა პუნქტი დიალოგით უნდა გავაანალიზოთ და ისეთი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს, რომელიც საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობას არ დატოვებს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საუბარი მარიხუანასა და მისი ჯგუფის ნარკოტიკების ლეგალიზებაზე არ არის. ამას ის პროექტი პირდაპირ ამბობს, რითაც აკრძალვები შემოდის. ასევე არ გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის ის ნივთიერება, რომელიც სამკურნალო თვალსაზრისით გამოიყენება. პატრიარქმა თავისი პოზიცია ძალიან გონივრული და ბრძნული შინაარსით ბრძანა. მის განწყობას ვიზიარებ. არასწორი ინფორმაცია რაც ისმის, უნდა მოიხსნას და გადაწყვეტილება მაშინ უნდა მივიღოთ, როცა მოსახლეობისგან თანხმობა გვექნება,” – განაცხადა ბესელია.

გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა. კობახიძის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა კი კობახიძის თქმით, საჩქარო არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები