LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

94

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია Air Arabia Jordan იწყებს. ავიარეისები ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით განხორციელდება.
იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ავიაკომპანიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს შორის გამართული კონსულტაციები წარმატებით დასრულდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 24 მარტს მიანიჭა.

ამანი-თბილისი-ამანი საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას Air Arabia Jordan 2017 წლის 28 აპრილიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს (26.10.17). ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, ამანი-თბილისი-ამანის დაბალ ტარიფიანი მიმართულება საქართველოში ტურისტების ჩამოყვანასთან ერთად, იორდანიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ქართველი მგზავრების მოზიდვაზეც იქნება ორიენტირებული.

ცნობისთვის, Air Arabia Jordan არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia-ს ჯგუფის მმართველობაში მყოფი იორდანიული ავიაგადამყვანია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები