LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კიდევ ერთი ქარის ელექტროსადგური აშენდება

93

უმსხვილესი თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი“ საქართველოში, კერძოდ, შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს და 75 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, – ამის შესახებ თურქეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ჩალიკ ენერჯის“ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ცოტა ხნის წინ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩალიკ ენერჯის დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან, რომლის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ შიდა ქართლში აშენდება ქარის ელექტროსადგური 50 მეგავატიანი სიმძლავრით, რომლის ინვესტიცია 75 მილიონი დოლარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ამასთან ერთად, ეს არის განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თავის მხრივ, აჰმედ ჩალიკმა აღნიშნა, რომ სჯერა საქართველოსი და მისი მომავლის. მისივე თქმით, „ჩალიკ ენერჯის“ განხორციელებული კიდევ ერთი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგებში. 

„დღეს საქართველოდან ძალზე ძვირფასი დელეგაციაა ჩამოსული, შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა და რაც მთავარი იყო, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ „ჩალიკ ენერჯი“ საქართველოში განახორციელებს ინვესტიციას ქარის ენერგიაში და მზის ენერგიაში. ამ ეტაპზე პირველი ინვესტიცია ქარის ენერგიაში განხორციელდება 50 მეგავატით. ჩვენ გვჯერა საქართველოსი“, – აღნიშნა აჰმედ ჩალიკმა.

ქარის ელექტროსადგურის პროექტს „ჩალიკ ენერჯი“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები