LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება შესაძლოა გაიზარდოს

123

ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში გაზარდოს მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კერძო სექტორისა და თანაინვესტირების საკითხებში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, დივაკარ გუფთასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. საუბრისას, განიხილეს საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.

„მანილაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან აზიის განვითარების ბანკიდან. ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში გაზარდოს მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება, განსაკუთრებით იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც დაგვეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებმა, უკეთ გამოიყენონ ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

თავის მხრივ აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა კერძო სექტორისა და თანაინვესტირების საკითხებში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა: „ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. როგორც შეხვედრაზე აღვნიშნეთ, აზიის განვითარების ბანკი ძალიან აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია მმართველობის სფეროსა და ეკონომიკაში. ბანკი აქტიურადაა წარმოდგენილი საქართველოში, დღევანდელმა შეხვედრამ გამოკვეთა მთავრობის მიერ დაგეგმილი ახალი მიმართულებები და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის სფეროში ხელშეწყობის, ჰიდროენერგეტიკის გაძლიერების მიმართულებით”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები