LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მზის ელექტროსადგურები აშენდება

414

საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობასა და სს „კავკასიის მზის კომპანიას“ შორის საქართველოში ასაშენებელ მზის ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მემორამდუმით გათვალისწინებული იქნება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება შემდეგი მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით: „ქსნის მზის ელექტროსადგურის“, „მარნეულის მზის ელექტროსადგური“; კასპის მზის ელექტროსადგური; „გლდანის მზის ელექტროსადგური“; „ახალციხის მზის ელექტროსადგური 1“; „ახალციხის მზის ელექტროსადგური 2“; „გარდაბნის მზის ელექტროსადგური 1“; „გარდაბნის მზის ელექტროსადგური 2“.

სს „კავკასიის მზის კომპანიას“ მიეცემა უფლება 18 თვის განმავლობაში შესაბამის ტერიტორიებზე ჩაატაროს სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და წარუდგინოს ისინი საქართველოს მთავრობას, რის საფუძველზეც მიღებული იქნება გადაწყვეტილება მშენებლობის თაობაზე. მშენებლობის შემთხვევაში თითოეული სადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 50მ გვტ იქნება.

კვლევები სოფელ ქსანის, მარნეული-რუსთავის, ახალციხე-ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიებზე და კასპისა და თბილისის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.

„ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, რომლისკენაც ჩვენ ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მივდივართ. როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, ქარელის რაიონში გაიხსნა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ალტერნატიული ენერგიების წყაროების ათვისებისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ვფიქრობთ, ინვესტორებისგან კიდევ ძალიან საინტერესო წინადადებები გვექნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

განახლებადი ენერგია მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება.

საქართველოში კი ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროები ახალი ხილია, მით უმეტეს მზის ენერგია.

თუმცა, საინჟინრო ფიზიკის დარგში დოქტორის, ”მზის სახლის” დირექტორის კოტე კობახიძის განცხადებით, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ მზის ენერგიის გამომუშავების კუთხით, ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე მეტად განვითარდეს.

“საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ მზის ენერგიის გამომუშავების კუთხით, ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე მეტად იყოს განვითარებული, თუმცა ამისთვის თავდაპირველი ინვესტიცია და სახელმწიფოს მხარდაჭერაა საჭირო”, – განაცხადა კობახიძემ “ფორტუნასთან”.

სემეკიდან ”ფორტუნას” აცნობეს, რომ მოკლე ვადაში ამ პროექტით ძალიან ბევრი დაინტერესდა, მათ შორისაა ილიას უნივერსიტეტი, რომელიც მზის პანელების დამონტაჟებით, სავარაუდოდ 20-25 ათას ლარამდე თანხას დაზოგავს.

”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 35 კილოვატის სიმძლავრის მზის ელექტრო სადგურებს აყენებს. ეს მათ 20-25 ათას ლარამდე ეკონომიას მისცემს თვეში”, – განაცხადა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა.

გარდა იმისა, რომ ქვეყანა შესაძლოა მზის ენერგიით გათბეს, გასული წლიდან უკვე შესაძლებელია, ამ შედეგის დადგომამდე, თითოეულმა მოქალაქემ თავად შეძლოს ეს და მზის ელექტროსადგურის აშენებამდე, საკუთარი მცირე სადგური ააშენოს.

http://old.fortuna.ge/rogor-unda-visargebloot-eleqtroenergiit-ufasod/

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები