LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა გადაიდო?!

366

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლას შპს “მზის ენერგიის კომპანია” აღარ განახორციელებს.

როგორც “ფორტუნას” ენერგეტიკის სამინისტროში განუმარტეს, მიზეზი მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების დარღვევაა.

“მითითებული შპს ,,მზის ენერგიის კომპანიამ“ დაარღვია მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები და იგი მიჩნეული იქნა შეწყვეტილად.

შესაბამისად, ამ მემორანდუმის ფარგლებში აღარ ხდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა”, – განუცხადეს “ფორტუნას” ენერგეტიკის სამინისტროში.

მემორანდუმის თანახმად, კომპანია 12 თვის განმავლობაში, გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ჩაატარებდა და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, შესაბამის წინადადებას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარუდგენდა. საუბარი იყო 50 მგვტ დადმგული სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობაზე.

მემორანდუმი მხარეებს შორის 2016 წლის 20 აპრილს გაფორმდა. პირობების შესრულებამდე, სულ 1 თვე იყო დარჩენილი – მემორანდუმის შესრულების შემთხვევაში მომდევნო თვეში პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური ანალიზი მზად უნდა ყოფილიყო.

 

ახალი მემორანდუმი – ახალი წლიდან
სანამ მომორანდუმის გაუქმების შესახებ გახდებოდა ცნობილი, საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყება, იანვარში თავიდან დააანონსა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ენერგეტიკის სამინისტროში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ აღნიშნული კვლევა სრულიად სხვა ტერიტორიაზე ტარდება.

ახალი წლიდან ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე სს „კავკასიის მზის კომპანიასა“ და მთავრობას შორის გაფორმდა. ეს მემორანდუმი უფრო მასშტაბური და შესაბამისად უფრო ხანგრძლივიცაა.

 

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მემორამდუმით გათვალისწინებული იქნება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება შემდეგი მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით: „ქსნის მზის ელექტროსადგურის“, „მარნეულის მზის ელექტროსადგური“; კასპის მზის ელექტროსადგური; „გლდანის მზის ელექტროსადგური“; „ახალციხის მზის ელექტროსადგური 1“; „ახალციხის მზის ელექტროსადგური 2“; „გარდაბნის მზის ელექტროსადგური 1“; „გარდაბნის მზის ელექტროსადგური 2“.

სს „კავკასიის მზის კომპანიას“ მიეცემა უფლება 18 თვის განმავლობაში შესაბამის ტერიტორიებზე ჩაატაროს სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და წარუდგინოს ისინი საქართველოს მთავრობას, რის საფუძველზეც მიღებული იქნება გადაწყვეტილება მშენებლობის თაობაზე. მშენებლობის შემთხვევაში თითოეული სადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 50მ გვტ იქნება.

კვლევები სოფელ ქსანის, მარნეული-რუსთავის, ახალციხე-ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიებზე და კასპისა და თბილისის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.

–––

გაუქმებული მემორანდუმი ერთ კომპანიასთან და ახალი შეთანხმება მეორესთან თითქმის ერთი წლის შემდეგ, იმის ნიშანია, რომ მზის ელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოში კიდევ სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში არ დაიწყება.

თამთა უთურგაშვილი