LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველად თაფლის კოოპერაციული საწარმო შეიქმნება

239

საქართველოს მთავრობამ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“  სახელმწიფო პროგრამა მიიღო, რომლის ფარგლებშიც  საქართველოში პირველად თაფლის კოოპერაციული საწარმო შეიქმნება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება, რომელიც თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცემა პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში.

საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო  თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და  ერთგვაროვანი თაფლის მიღება, მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 900 000 ლარია.

წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობისა და  HACCP-ის სისტემები. პროგრამის ფარგლებში მონაწილისათვის HACCP-ის სისტემის დანერგვისათვის საჭირო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.

მეფუტკრეობის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებმაც გაზარდეს  სკების რაოდენობა და შესაბამისად თაფლის წარმოება,  ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვით, თაფლის კოოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ წარმოებული თაფლი და მისცენ მას საბოლოო სასაქონლო სახე.

 

თაფლის წარმოების გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცათ სკები, თაფლის საწურები და თაფლის შესანახი ავზები 70%-იანი თანადაფინანსებით. სულ პროგრამის ფარგლებში 164 კოოპერატივს გადაეცა 13 931 სკა. 28 კოოპერატივს გადაეცა 28 თაფლის საწური და 27 კოოპერატივს გადაეცა 61 400 ლიტრის ტევადობის 713 ავზი.

„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“  ახალ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეები არიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტიანი და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, სოფლად მოსახლეობის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და გაძლიერების გზით.