LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში ქალს შეუძლია, ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს” – ირღვევა თუ არა ქალების უფლებები

2294

გენდერული თანასწორობის საკითხი კვლავ სადავოდ რჩება ქართულ საზოგადოებაში. საზოგადოების ერთი ნაწილი კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც მუდმივად ირღვევა ქალთა უფლებები და აღნიშნული ფაქტი ჩვეულებრივ ქმედებად აღიქმება. სანამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მისი გადაჭრის გზებზე დავიწყებდეთ საუბარს, ჯერ განვმარტოთ გენდერული თანასწორობის შინაარსი. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი ცხოვრებისეული შანსები და პირობები საკუთარი პოტენციალის გამოყენებისთვის. არათანაბარ პირობებში ცხოვრებას კი ისეთ პრობლემებამდე მივყავართ, როგორიც არის: ქალთა მინიმალური აქტიურობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სექსუალური შევიწროვება დასაქმების ადგილებში, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, სქესობრივი ნიშნით აბორტის შემთხვევები.

•••

თამუნა 24 წლის არის, როგორც თავად ამბობს, მამაკაცის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არასდროს გამხდარა, თუმცა ყოველდღიურად აწყდება ქალთა უფლებების უხეშად დარღვევის შემთხვევებს.

საბედნიეროდ, ძალადობის მსხვერპლი თავად არ ვყოფილვარ, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ჩემს მეგობრებს ქონიათ. ეს ეხება ძირითადად ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელსაც ისინი დამსაქმებლებისგან განიცდიან. ზოგადად, ჩვენთან ხომ ასეა, ერთსადა იმავე პოზიციაზე დასაქმებულ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს განსხვავებული ანაზღაურება აქვთ. რაც ჩემი აზრით, ასევე ძალადობის ნაირსახეობაა. ვფიქრობ, საქართველოში ქალთა უფლებები მუდმივად ირღვევა.


პრობლემის არსებობას აღიარებს მამაკაცების ნაწილიც. დათო 35 წლის არის. როგორც ამბობს, პრობლემა ამ საკითხში ნამდვილად არის, თუმცა არც ისეთი დიდი, როგორი აჟიოტაჟიც საზოგადოებას აქვს ატეხილი.

პრობლემა, თავისთავად, არსებობს, თუმცა ცალსახად პასუხის გაცემა ძალიან რთულია. თუ ისტორიულ ჭრილში განვიხილავთ, შედარებაც არ არის იმდენად ჩართულია ქალი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გათანაბრებულია მისი უფლებები. ისიცაა, რომ ზოგჯერ შესაძლოა კონფლიქტი უფრო ორ ადამიანს შორის მოხდეს, ვიწრო ხასიათის იყოს, მაგრამ თუ ქალი დაიჩაგრა, ამას განზოგადოებული იერი მიეცეს. პირადად ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად ვხვდები ქალზე ძალადობას. ჩემს ირგვლივ უამრავი წარმატებული ქალბატონია, თუნდაც სამსახურში ძალიან ბევრი ქალი მუშაობს. ბევრ ჩვენ თანამემამულე მანდილოსანს ჰყავს ავტომანქანა, ისინი დადიან სალონებში, კინოში, თეატრში, რესტორანში, მეგობრებთან, შეუძლიათ ჩაიცვან შეუზღუდავად, მისდევენ სპორტს და .. – ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში ქალს აქვს საშუალება ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს.

 

ყველაზე ხშირად ქალთა უფლებები დასაქმების ადგილებში ირღვევა

სახალხო დამცველის აპარატი გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში კვლავ მძიმე მდგომარეობაა. ხშირია ადრეულ ასაკში ქორწინებების და ოჯახში ძალადობის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ქმედით ნაბიჯებს დგამს, არასაკმარისია და დახვეწას საჭიროებს ძალადობის მსხვერპლთათვის საჭირო სერვისები. კონკრეტულად კი, დასაქმების ადგილებში კვლავ არ არის განსაზღვრული რა შეიძლება ჩაითვალოს სექსუალური შევიწროების ფაქტად და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ დასაქმების ადგილებში სექსუალური შევიწროება უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

„კვლევები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქალების 40-50% სამუშაო ადგილებზე არასასურველ სექსუალურ მოპყრობას, ფიზიკურ კონტაქტს ან სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებს განიცდის. რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას, გამომდინარე იქიდან, რომ იშვიათია  დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით მიმართვიანობა, ამასთან აღნიშნული დაფარულ პრობლემას წარმოადგენს, მასშტაბებთან დაკავშირებით მხოლოდ კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ.“

ქალთა უფლებების ყველაზე უხეში დარღვევის ფაქტები ოჯახში ფიქსირდება.  ოჯახში ძალადობის  მასშტაბები კვლავ მაღალია, თუმცა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია მიმართვიანობა. თუ ადრე ძალადობის მსხვერპლი დასახმარებლად შესაბამის უწყებებს არ მიმართავდა და უხმოდ იტანდა მოძალადისგან ზეწოლას, დღეს სამართალდამცავ უწყებებში საჩივრების რაოდენობა უფრო გაზრდილია.

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მასშტაბები კვლავ მაღალია. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლებთან შედარებით გაზრდილია ოჯახში ძალადობის და ქალზე ძალადობის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა, რაც ნიშნავს, რომ სამართალდამცავ უწყებას უფრო მეტი მსხვერპლი მიმართავს დასახმარებლად,“ – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.


ძალიან რთულია ოჯახში ძალადობის დაძლევის პრობლემა

სახალხო დამცველის აპარატის პოზიციას იზიარებენ „ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელშიც“. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გენდერულ თანასწორობაზე საუბარიც კი არ შეიძლება, მაშინ როცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა აქტიურობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. დასაქმების ადგილებში კვალიფიციური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ქალები, ძირითადად, დაბალ პოზიციებზე ჰყავთ დასაქმებული, დაბალია მათი ანაზღაურება და დაწინაურების დაბალი შანსი აქვთ.
ორგანიზაციის წარმომადგენლის ელისო ამირეჯიბის თქმით, ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი დასაქმების ბაზარზე მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა სიმცირეა. როგორც ამირეჯიბი „ფორტუნასთან“ აცხადებს, ოჯახური ძალადობის მასშტაბები ძალიან მაღალია და ეს არის პრობლემა, რომლის დაძლევაც სახელმწიფოს და საზოგადოებას ყველაზე მეტად გაუჭირდება.


„ძალიან რთული იქნება ოჯახში ძალადობის პრობლემის დაძლევა, ძალიან ბევრი ქალი დღეს იმიტომ არის ძალადობის მსხვერპლი, რომ ეკონომიკურად არის დამოკიდებული მამაკაცზე. ქალების ძალიან დიდი ნაწილი არ ფლობს საკუთრებას, რაც ასევე არათანაბარ პირობებში აყენებს ამ ადამიანებს. ძალადობის დროს გამოსავლის ძებნა უჭირთ, რადგან არ აქვთ ფინანსური რესურსი.“

 


მიმართავენ თუ არა ფსიქოლოგს ძალადობის მსხვერპლი ქალები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, როგორც აღმოჩნდა, ფსიქოლოგს კონსულტაციისთვის ძალიან იშვიათად მიმართავენ. ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ რამდენიმწლიან პრაქტიკაში მასთან კონსულტაციაზე ძალადობის მსხვერპლი ქალი არასდროს ყოფილა.


„ჩემს პრაქტიკაში არ მახსენდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი მოსულიყო, სამაგიეროდ ყოფილა მამაკაცი, რომელიც ოჯახში მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიურ ტერორს განიცდიდა.“

 

ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს მსხვერპლი ძირითადად ქალია

შინაგან საქმეთა სამინისტრო უშუალოდ ქალთა უფლებებზე არ მუშაობს, თუმცა მუშაობს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე და ასეთ დროს ძირითადად ძალადობის მსხვერპლი არის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის მთავარი უწყება, რომელიც ვალდებულია ძალადობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში. პირდაპირი რეაგირება მოახდინოს.
საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი კამპანია 2013 წელს დაიწყო, დღესდღეობით აქვთ სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“. კამპანიის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები – შეხვედრები სკოლებში, მოსახლეობასთან, იმ უწყებების წარმომადგენლებთან რომლებიც მუშაობენ ოჯახში ძალადობის საკითხებსა და ქალთა უფლებებზე.

„გააქტიურებული კამპანიების წყალობით, რომელსაც როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო სექტორი ახორციელებს, ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს, მიმართვიანობა არის უფრო მაღალი,“ – აცხადებს მაკა ფერაძე.

 

რა უნდა გაკეთდეს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით

„ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელი“: „ქალთა უფლებების დაცვის კუთხით პირველ რიგში უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, უნდა გაიზარდოს  ქალთა როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ქალს უნდა მიეცეს კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაზრდის პერსპექტივა.“

 

 

გვანცა ბზიავა