LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები იმყოფებიან – სეს-ის განმარტება

84

საქართველოში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებს რუსი სპეციალისტები გაეცნობიან, -ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იუწყება. ცოტა ხნის წინ კურიერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “როსსელხოზნადზორ”-ის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან.

სეს-ის ინფორმაციით, რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან.

„მავნებელთან ბრძოლის პროცესში ქართველი სპეციალისტები აქტიურად თანამშრომლობენ ყველა იმ ქვეყნის სპეციალისტთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, სადაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა. არსებული გამოცდილებების გაზიარება და კოორდინირებული მუშაობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში და მის მიერ აგრარული დარგისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაში დაგვეხმარება“, – განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანი გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოში მოწვეული იყო ყველა ის წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი კანადიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან, ვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით. გაიმართა ფორუმი და არაერთი დისკუსია.

2 აპრილიდან, ფაროსანას გავრცელების რისკის მიზეზით, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან ყველა სახის ბოსტნეულისა და ხილის შეტანა აკრძალა.

“როსსელხოზნადზორის” წარმომადგენლებმა კი გამოთქვეს ეჭვი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ფაროსანას საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიზანმიმართულად ავრცელებენ. ფიტოსანიტარული სამსახურის განცხადებით, საქართველოში ორი ამერიკული ლაბორატორია სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

როსსელხოზნადზორის  წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, მათ დარღვეული აქვთ “კანონი ოკუპაციის შესახებ”.

პოპულალურები