LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შემოსასვლელად კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ემზადება

50

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციამ საქართველოში შემოსვლის სურვილი კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას გაუჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო gbc.ge საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს. ქეთი ალექსიძე აღნიშნული კომპანიის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ავიაკომპანია ადრეც იყო  საქართველოთი დაინტერესებული, მაგრამ მოლაპარაკებების  უფრო სიღრმისეულად დაწყების სურვილი არ ჰქონდა.

„ერთ -ერთ ბოლო საავიაციო ფორუმზე აღნიშნული კომპანიის ინიციატივით მოხდა შეხვედრა, სადაც აღინიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა და  ისინი ფიქრობენ, რომ  მომავალი წლისთვის საკმაოდ დიდ ტრაფიკს მოიტანენ საქართველოსთვის“, – ამბობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, რომ წინა წლებში საქართველოში შემოსვლის სურვილი Ryanair-ს ჰქონდა. თუმცა, ქეთი ალექსიძე გულისხმობს თუ არა ამ კომპანიას, ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

ამას გარდა, აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ევროპიდან მობრუნებული მგზავრების რაოდენობაზეც საუბრობს. ალექსიძე ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შედეგად მგზავრთა ნაკადმა მოიმატა, გაიზარდა ავიარეისებიც, თუმცა ამავე დროს,  საზღვრის უკანონო ან არასანქცირებული კვეთის რაოდენობა ძალიან მცირეა.

რაც შეეხება Ryanair-ს, ინფორმაცია იმის შესახებ რომ ეს ავიაკომპანია ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოდიოდა, მიმდინარე წლის მარტშიც გავრცელდა. მაშინ “ფორტუნამ” აღნიშნული ინფორმაცია თავად ავიაკომპანიაში გადაამოწმა. საქართველოში შემოსვლის ამბავს  Ryanair–მა ჭორი და სპეკულაცია უწოდა.

“ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ჭორებსა და სპეკულაციებზე”,–განაცხადა Ryanair–-ის პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა “ფორტუნასთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები