საქართველოში შრომის პირობები ძალიან მძიმეა

128

შრომის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა ძალიან მძიმეა. არასახარბიელო სურათი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა. კვლევის პირველი ნაწილი სწავლობდა დასაქმებულთა შრომით უფლებებს დასაქმების ოთხ სექტორში – მძიმე ინდუსტრია,ფაბრიკა-სამკერვალოები, მომსახურების სექტორი და ტრანსპორტირების სფერო. გაირკვა, რომ შრომის უფლებების კუთხით ოთხივე სექტორში მდგომარეობა საგანგაშოა. მძიმე ინდუსტრიასა და ტრანსპორტირების სფეროებში არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები.
დასაქმებულები  ზეგანაკვეთურ სამუშაო გრაფიკს, დაბალ ანაზღაურებას და უსაფრთხოების ნორმების არ არსებობას უჩივიან.

„კვლევამ აჩვენა, რომ ოთხივე სექტორში შრომის უფლებების კუთხით მდგომარეობა და გამოწვევები არის ძალიან მასშტაბური. ამასთან, მძიმე ინდუსტრიას და ტრანსპორტირების სფეროს ახასიათებს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მაღალი რისკები,“ – აცხადებს “EMC”-ის კვლევის ორგანიზატორი ლინა ღვინიანიძე.

 

 

შრომის ზედამხედველობის სამსახური ბერკეტების გარეშე

არანაკლებ მნიშვნელოვანია კვლევის მეორე ნაწილი, სადაც პირდაპირ არის მითითებული რომ  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, დღესდღეობით,  ვერ პასუხობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს. კვლევისას აღმოჩნდა, რომ შრომის უფლების დარღვევის შემთხვევაში, შრომის ზედამხედველობის სამსახური ვერ ახორციელებს ეფექტურ ღონისძიებებს. მას, უბრალოდ, არ გააჩნია შესაბამისი ბერკეტები.

ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის იურისტის ლელა გვიშიანის თქმით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არ არის დამოუკიდებელი ორგანო და არ გააჩნია დამოუკიდებელი ფინანსური რესურსი.

”ეს ორგანო უპირობოდ უნდა შედიოდეს დასაქმების ადგილებზე და ამოწმებდეს დასაქმებულების მდგომარეობას. მეორე მხრივ, აღნიშნულ ორგანოს უნდა გააჩნდეს ეფექტური რეაგირების ბერკეტები, გამოვლინდა, რომ ის მხოლოდ არასავალდებულო შესასრულებელი რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება. ინსპექტირების დეპარტამენტი არის ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, შესაბამისად,  ვერ ახორციელებს დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.” – აცხადებს ლელა გვიშიანი.
კვლევის ორგანიზატორი ლინა ღვინიანიძე „ფორტუნასთან“ პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრობს. „ჩვენი რეკომენდაციები შეეხება მთლიანად შრომის უფლებების მექანიზმს, გვაქვს დაახლოებით 30-მდე რეკომენდაცია, რომელიც მიემართება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისკენ.  გარდა იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებით უნდა გაფართოვდეს შრომის უფლების მანდატი, ასევე, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ პრობლემაზე, როგორიც არის უსაფრთხოების ნაწილში კანონმდებლობის არარსებობა,“ – აცხადებს ლინა ღვინიანიძე.

შრომის პირობების ზედამხედველობის სამსახური „EMC”-ის შენიშვნებს იზიარებს

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი კვლევის შედეგებს იზიარებს და აცხადებს, რომ ზედამხეველობის სამსახური ყველანაირად ცდილობს ნელ-ნელა უმაღლეს სტანდარტებს მიუახლოვდეს. ლევან ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდი საპილოტე ღონისძიებებისთვის  იყო საჭირო. შრომის ინსპექციას 2006 წლიდან 2015 წლამდე ჰქონდა ინსტიტუციური წყვეტა და მის აღდგენას და კვალიფიციური კადრების გადამზადებას გარკვეული ვადა სჭირდებოდა.
„რაც შეეხება ჩვენს დამოუკიდებლობას, ყველა ქვეყანაში შრომის ინსპექცია სახელმწიფო ბიუჯეტზეა მიბმული. იმის გათვალისწინებით, რომ რეკომენდაციებს გავცემთ დამსაქმებლებისთვის, ამ ეტაპზე ამ ორგანოს დეპარტამენტად არსებობა გამართლებულია. ჩვენი სამსახური სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, რასაკვირველია  გაძლიერებას ვაპირებთ,“ – აცხადებს ლევან ჟორჟოლიანი.

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები