LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში თამბაქოს კონტრაბანდა გაიზარდა

127

საქართველოში თამბაქოს კონტრაბანდა გაზრდილია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის განცხადებით, უაქციზო თამბაქოს შემოტანის მცდელობის სტატისტიკური ზრდა, სიგარეტზე აქციზის ფასის გაზრდამ გამოიწვია.

სამსახურის ინფორმაციით, იანვარ–სექტემბერის მონაცემებით, ქვეყანაში 170 000 უაქციზო სიგარეტის შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა, რაც 0,5 მლნ ლარის საქონელს მოიცავდა.

უაქციზო თამბაქოს შემოტანის ფაქტები ძირითადად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ფიქსირდება, ასევე, სომხეთიდან და თურქეთიდან.

სტატისტიკური ზრდის მიუხედავად, ლევან გამყრელიძის თქმით, გაზრდილი მონაცემები, ქვეყანაში საერთო ამინდს არ ქმნის და საგამოძიებო სამსახური ამ მხრივ აქტიურად მუშაობს.

“აქციზის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია ველოდით, კონტრაბანდული თამბაქოს შემოტანის მცდელობების გახშირებას და ჩვენი სამსახური ამ მხრივ მობილიზებულია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ჭარბობს  საზღვარზე ოქროს შემოტანის მცდელობები – ამ პერიოდში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 15 114,09 გრამი ოქრო ამოიღეს, რომლის საბაზრო ღირებულება 1 096 641, 76 ლარს შეადგენს.

2017 წლის პირველი იანვრიდან საგადასახადო კოდექსში ამოქმედებული ცვლილების მიხედვით, ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრით გაიზარდა.

აქციზი გაიზარდა უფილტრო სიგარეტზეც. 2017 წლის პირველი იანვრიდან ყოველ კოლოფ სიგარეტზე თამბაქოს იმპორტიორებსა და მწარმოებლებს 30 თეთრით მეტი აქციზის გადასახადის გადახდა უწევთ.
60 თეთრით გაიზარდა აქციზი სიგარებზეც.

მთავრობა ცვლილებებს საერთაშორისო ვალდებულებებით ხსნის, რომელიც საქართველოს აქვს აღებული. ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ აიღო ვალდებულება დანერგოს ევროკავშირის 2011 წლის 21 ივნისის 2011/64/EU დირექტივა. დირექტივის მე-10 მუხლის შესაბამისად, სიგარეტზე აქციზურმა გადასახადმა საქართველოში გარკვეული პერიოდის (სავარაუდოდ 7-10 წელი) შემდეგ უნდა შეადგინოს საშუალო შეწონილი საცალო ფასის არანაკლებ 60%, მაგრამ არანაკლებ 90 ევროსი 1000 ღერ სიგარეტზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 წლს განმავლობაში სიგარეტზე აქციზის ზრდა ორჯერ მოხდა.