LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იწყება

31

საქართველოში დღეს უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იწყება. პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით იმართება.

პეტრო პოროშენკო თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან – სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან, ერთად ესტუმრება.

18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მედიის წამომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, მათ ხსოვნას პატივს მიაგებს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს.

პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო – უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, 19 ივლისს  დაგეგმილია პოროშენკოს სტუმრობა სვანეთსა და აჭარაში.

მესტიაში მარგიანების სახლმუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს, ასევე, ტრადიციულ სვანურ კოშკს დაათვალიერებს.
ბათუმში კი, უკრაინის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება.

ბათუმში პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო – უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები