LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უმუშევრებისთვის დახმარების გაცემას ითხოვენ – როგორია მსოფლიო პრაქტიკა?

საქართველოში, პროფესიული კავშირების გაერთიანებამ უმუშევარი მოქალაქეებისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით, მთავრობას თხოვნით მიმართა.

როგორც “ფორტუნასთან”  პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, ამ მოთხოვნას ზურგს ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკა უმაგრებს.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ბიუჯეტში თანხა შეჰქონდათ, უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში კომპენსაცია უნდა მიიღონ.

ჯანდაცვის სამინისტროში უმუშევარი მოქალაქეებისათვის შემწეობის გაცემის საკითხზე კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს. თუმცა, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ისინი საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.

„მსჯელობები და დისკუსიები რა თქმა უნდა, გრძელდება, მაგრამ მე ვერ გეტყვით რომ რაიმე გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. ეს მხოლოდ კონსულტაციებია“, – განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან.

 

სხვა ქვეყნების პრაქტიკა

უამრავ ევროპულ ქვეყანაში მართლაც არსებობს უმუშევარი ადამიანების დახმარების პროგრამები, რომლებიც სოლიდურ ანაზღაურებას ან გარკვეულ შეღავათებს მოიცავს.

უამრავ ქვეყანაში არსებობს უმუშევრობის დაზღვევის რეგულაცია, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებულისთვის 6 თვიდან 1 წლამდე ფულად დახმარებას გულისხმობს.

რაც შეეხება კომპენსაციას, ეს დამოკიდებულია პირის სტატუსსა და მისი მუშაობის ხანგრძლივობაზე.

ხშირად, ამ ქვეყნის მოქალაქეები სამსახურზე უარს ამბობენ, რადგან ყოველგვარი გარჯის გარეშე გარკვეულ თანხას იღებენ.

უმუშევრობის კომპენსაციებს უმეტეს ქვეყნებში პროფკავშირები ანაწილებს და განკარგავს.

მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანს რამდენიმე თვის, ან ერთი წლის განმავლობაში ხელფასის 80% უნარჩუნდება.

 

პირველად უმუშევრობის კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში მიიღეს 1911 წელს.

არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, ევროკავშირი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, მექსიკა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ესპანეთი, შვედეთი, საუდის არაბეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც უმუშევრებს სხვადასხვა სახით ეხმარებიან.

 

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს:

თურქეთში სამსახურის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფო მოქალაქეს 180 –დან 300 დღემდე ეხმარება ისიც გარკვეული პირობებით – პირი ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ მცირე, 600 დღე მაინც უნდა იყოს ნამუშევარი. სამუშაო საკუთარი ნებით არ უნდა დატოვონ და რაიმე გადაცდომის გამო არ უნდა გაათავისუფლონ.

თუ უმუშევარი ამ  მოთხოვნებს აკმაყოფილებს ის ბოლო 4 თვის მიხედვით, ყოველთვიურად, მისი ხელფასის 50%–ს მიიღებს. თუმცა კომპენსაცია საარსებო მინიმუმს არ უნდა აჭარბებდეს.

რუსეთში უმუშევრობის დახმარება საკმაოდ მცირეა – 850 რუბლიდან იწყება (36 ლარი) და მაქსიმუმ 4,900 რუბლს აღწევს (210 ლარი). კომპენსაცია აქაც დამოკიდებულია პირის სამუშაო გამოცდილებასა და ანაზღაურებაზე.

აზერბაიჯანში ამ დროისთვის მთავრობა, უმუშევართა კომპენსაციის გაუქმებას განიხილავს. კანონის მიხედვით, აზერბაიჯანში ხელფასის დაზღვევა შემოვა, სადაც კომპენსაციის თანხის ნახევარს დამქირავებელი, ნახევარს კი თავად დასაქმებული გადაიხდის. თუ დასაქმებულის სამუშაო გამოცდილება 10 წელზე მეტია ის კომპენსაციას 12 თვე მიიღებს, ხოლო მინიმალურ კომპენსაციას მიიღებს ის უმუშევარი, რომელსაც სამუშაო გამოცდილება 3 წელზე ნაკლები ექნება.

სომხეთში უმუშევართა კომპენსაცია 2012 წელს გააუქმეს.

 

ეკონომისტების მოსაზრება

ეკონომისტების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის პრაქტიკა ხელს უწყობს უმუშევრობის წახალისებას.

ეკონომიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს არა წარმოებული დოვლათის გადანაწილების ახალი სქემის შემუშავება, არამედ დოვლათის გაზრდა – რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს.

 „პროფკავშირების ფუნქციაა, რომ მშრომელი ადამიანების მოთხოვნები დაიცვას, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ფაქტობრივი უმუშევართა რიცხოვნობა რეალურად, დასაქმებულთა რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება, ვინც მუშაობს იმათი გადასახადების დონე უნდა გავზარდოთ, რომ დავეხმაროთ უმუშევრებს? არა, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა უმუშევრებისთვის დახმარების გაწევა – ეს სოციალური დახმარების პროგრამაში ხორციელდება (ცუდად, მაგრამ მაინც), არამედ სამუშაო ადგილების შექმნა და მეტი ადამიანის დასაქმება“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

 

უმუშევრობა საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის მონაცემებით (ჯერ 2016 წლის სტატისტიკა არ არსებობს), საქართველოში 2021.5 სამუშად აქტიური მოქალაქეა. აქედან 1779 დასაქმებული ადამიანია, ხოლო 241.6 უმუშევრის სტატუსის მქონე. უმუშევრობის დონე ქვეყანაში 12%–ია. აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან დღემდე უმუშევრობის დონე პროცენტულად მცირდება.

საქსტატის მონაცემებით, 2015 წლისთვის საშუალო თვიური ხელფასი 900 ლარს შეადგენს. შინამეურნეობების შემოსავლების მიხედვით კი, საშუალო თვიური შემოსავალი კი ერთ სულზე 284 ლარია.

ეკონომიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, რეალურად უმუშევართა დონე უფრო მაღალია.

საქსტატი დასაქმებულთა რაოდენობაში, თვითდასაქმებულებსაც თვლის, სწორედ ამიტომ, სოსო არჩვაძის განცხადებით, უმუშევრობის რეალური სტატისტიკა იმალება.

„თუ ადამიანი თვითდასაქმებულია – თუნდაც, სოფლად მოჰყავს გარკვეული კულტურა, ის დასაქმებულად ითვლება, მაგრამ მისი რეალური შემოსავალი დაქირავებით დასაქმებულთან შედარებით, სამჯერ ნაკლებია. ჩვენ ამით გვიუმჯობესდება სტატისტიკა, მაგრამ რეალური მდგომარეობა არის მძიმე“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, საქსტატს 2017 წლის მონაცემებიც აქვს და ის 168 ლარით განისაზღვრა.

დასაქმებულის დაბალი უფლებებიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც უმუშევრად რჩებიან შიმშილისთვის არიან განწირულები. ქართველი დამსაქმებლების მიდგომა უხეშად რომ ვთქვათ ასეთია – “არ გაწყობს წადი”. თუმცა სავარაუდოდ, ამ პრობლემას არა უმუშევართა კომპენსაცია (რითიც უამრავი მოითბობს ხელს), არამედ შრომითი ბაზრის მოწესრიგება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება გადაჭრის.

 

თამთა უთურგაშვილი