LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყავის წარმოება ბრაზილიური ნედლეულით დაიწყება

816

Bb Company-ის ყავის საწარმო, რომელიც თბილისში აშენდა, ექსპლუატაციაში შესასვლელად ემზადება. ქარხანაში უკვე დამონტაჟდა თანამედროვე მანქანა-დანადგარები, რომლებიც Bb Company-იმ იტალიური კომპანიისგან შეიძინა. შესაბამისად, ყავის საწარმო ამუშავებამდე ბოლო ეტაპს გადის.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, საწარმო ექსპლუატაციაში 1 თებერვლიდან შევა, აქ წარმოებული პროდუქცია კი სავაჭრო ქსელებში 1 მარტიდან გამოჩნდება.

”საწყის ეტაპზე ვაპირებთ 5 სახეობის ყავის წარმოებას. ეს იქნება უმაღლესი ხარისხის ყავა, რომელიც დამზადდება ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან, ეთიოპიიდან და ტანზანიიდან ჩამოტანილი ნედლეულით. რაც შეეხება ღირებულებას, ფასები იქნება კონკურენტუნარიანი. ადგილობრივ ბაზარზე ყავის წარმოება დიდად განვითარებული არ არის, შესაბამისად, ჩვენი კონკურენტი იმპორტირებული პროდუქცია იქნება და ვეცდებით, Bb Company-ის ყავა მასზე ბევრად იაფად გაიყიდოს”, – განმარტეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, თავიდან პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იქნება გათვლილი. ის ჯერ დიდი სავაჭრო ქსელებში, შემდეგ კი მცირე მარკეტებში გაიყიდება. სამომავლოდ კი, Bb Company ყავის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. კომპანიაში უკვე შერჩეულიათ ახალი ქართული ყავის სახელიც, თუმცა მის დასახელებას მოგვიანებით გეგმავენ.

ცნობისთვის, ყავის ახალი ქარხანა პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში აშენდა და მასში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმო დიღომში, ”გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა და მასში დამატებით 20 ახალი კადრი დასაქმდება.

შპს Bb Company 2002 წელს დაარსდა და აქამდე მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას სხვადასხვა პროდუქტის იმპორტი წარმოადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები