LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ლიცენზიის საწყისი ფასი 10-ჯერ შემცირდა

87

სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტიმულირების მიზნით, განხორციელებული რეფორმის შედეგად, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის საწყისი ფასი შეიცვალა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესწავლის საწყისი ფასი თითოეულ ჰექტარზე, მანამდე არსებული 500 ლარის ნაცვლად, 50 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ასევე, ცვლილების შედეგად მოხდა შესწავლის საწყისი ფასის თავსებადობის უზრუნველყოფა ამ კუთხით საუკეთესო პრაქტიკის მქონედ მიჩნეულ ქვეყნებში არსებულ შესწავლის ფასთან.

უწყების განმარტებით, ცვლილება საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას წარმოადგენს, რაც უკვე აისახა შესაბამის მარეგულირებელ წესებში. აღნიშნული ცვლილება მომდინარეობს მასშტაბური რეფორმიდან წიაღის სექტორში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება სფეროთი დაინტერესებულ ინვესტორთათვის მიმზიდველი გარემოს შექმნას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, განახორციელონ ინვესტირება უფრო ხელსაყრელი ფასის პირობებში და უფრო ეფექტიანად გავიდნენ იმ შედეგზე, რაც, ცვლილებამდე არსებული რეგულაციის პირობებში, მიღწეულ იქნებოდა გაცილებით დიდი ფინანსური დანახარჯებით.

„შესწავლის ლიცენზიის მფლობელის მიერ რესურსის ოდენობის თაობაზე ინფორმაციის მოძიება ხორციელდება კონკრეტული სალიცენზიო ფართობების დეტალური შესწავლის გზით, რაც ხელს უწყობს საფონდო მასალის ბაზის განახლებას და უფრო უტყუარს ხდის ინფორმაციას სახელმწიფოში არსებული სასარგებლო წიაღისეულის შესახებ. განხორციელებული ცვლილება იქნება შესწავლის მიზნის მქონე სუბიექტების სტიმულირებისთვის გადადგმული ეფექტური ნაბიჯი, რომელიც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება სასარგებლო წიაღისეულის რესურსის რაციონალურ გამოყენებაზე“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მიზნით ლიცენზირებულია ქვეყნის ტერიტორიის 3.8 % (საერთო ფართობის 6 970 000 ჰა-ს 3.8%), თუმცა შესასწავლი პერსპექტიული ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 10%-მდეა. მყარი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მიზნით, დღეისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაცემულია ჯამში 25-მდე სარგებლობის ლიცენზია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ბოლო წლების სტატისტიკაც. უკანასკნელ წლებში შემცირდა ინტერესი შესწავლის უფლების მიღებასთან დაკავშირებით. 2016 წელს გაიცა მხოლოდ 7 ლიცენზია წიაღისეულის შესწავლის მიზნით, ხოლო 2017 წელს საერთოდ არ გაცემულა. მოყვანილი სტატისტიკა მეტყველებს არსებული ფასის არაეფექტურობაზე, რისი გაუმჯობესებაც დიდწილად უზრუნველყოფილი იქნება შესწავლის ლიცენზიისთვის გადასახდელი გონივრული ფასის განსაზღვრით. ეს მონაცემები თავის მხრივ ადასტურებს, რომ განხორციელებული ცვლილება იყო დროული და ექნება მაღალი ეკონომიკური ეფექტი როგორც მომდევნო უახლოეს პერიოდში, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

”დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა ლიცენზიის შეძენის მიზნით საჭირო მაღალი დანახარჯები მიმართონ შესწავლის სამუშაოების დასაფინანსებლად და უფრო ეფექტურად და ოპერატიულად განახორციელონ წიაღისეული რესურსების შესწავლა, რაც თავის მხრივ მისცემს სახელმწიფოს შესაძლებლობას უფრო სრულყოფილი, ამომწურავი და სანდო ინფორმაციით განახლებული გახადოს ქვეყნის მინერალური რესურსების შესახებ საინფორმაციო საფონდო ბაზა”, – განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები