LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საშიში ბანანები” – არის თუ არა საფრთხე, ხილის ჭამით ვირუსით დავავადდეთ

632

აივ ინფექცია ბანანის ჭამით არ გადადის და არც  ღორის ჭირი ვრცელდება ხეების შეწამვლით  – ასე პასუხობს რადიო ”ფორტუნას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა იმნაძე თემას, რომელიც ბოლო დროს სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ სხვადასხვა ვირუსის, მათ შორის ე.წ. ღორის გრიპისა და შიდსის ვირუსის ინექცია ბანანში შპრიცით შეჰყავთ, რის შემდეგაც ხილის ჭამა დაინფიცირებას იწვევს.

როგორც პაატა იმნაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი რამ წარმოუდგენელია და ამაში საზოგადოებას საკითხთან დაკავშირებით ელემენტარული ინფორმაციის მიღებაც დაარწმუნებს.

რაც შეეხება თბილისში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანისთვის საშიში ვირუსების შექმნას, რაზეც პერიოდულად რუსეთის წარმომადგენლები საუბრობენ, პაატა იმნაძე მსგავს განცხადებებს დეზინფორმაციად აფასებს. მისივე განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის მუშაობას წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წევრი სპეციალისტებით დაკომპლექტებული მისია ამოწმებს, მისიის შემადგენლობაში კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრის სტატუსით რუსი კოლეგებიც შედიან.

ჯანმოს სტატუსით თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში ერთ-ერთი რუსი მეცნიერი ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა კიდეც და პაატა იმნაძის თქმით, მათ კარგად იციან რეალურად რაზე მუშაობს ლაბორატორია. კომპეტენტური რუსი კოლეგებისგან კი დეზინფორმაციის გამო ბოდიშის წერილებიც მოდის საქართველოში.

რაც შეეხება ლაბორატორიას, იქ მუდმივად მუშაობენ ქართველ კოლეგებთან ერთად თურქი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ყაზახი, ყირგიზი და მათ შორის რუსი მეცნიერებიც. ასევე, იქ მუშაობენ სრუდენტები – მაგისტრანტები და დოქტორანტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან.

„შესაბამისად, ლუგარის ლაბორატორია არ არის რაღაც დახურული ტიპის დაწესებულება, რომლის რეალური მუშაობა ვინმესთვის გასაიდუმლოებული იყოს. არაერთგზის ოფიციალურ მოწვევას კი, ლაბორატორიის დასათვალიერებლად და გასაცნობად, რუსი კოლეგები უბრალოდ პასუხის გარშე ტოვებენ“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები