LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშიშია თუ არა ორსულთა ჰიპერტონუსი და რატომ სჭირდება ყველა ორსულს ფოლიუმის მჟავა – გენრიეტა გაგოშიძის რეკომენდაციები

747

რა დროს არის აუცილებელი გენეტიკური კვლევის ჩატარება ორსულობისას, რომელი კვლევა გვაძლევს ზუსტ პასუხს ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგიების შესახებ, ორსულობის რა ვადაზეა რადიოლოგიური კვლევის ჩატარება აუცილებელი, საშიშია თუ არა ორსულთა ჰიპერტონუსი და რატომ სჭირდება ყველა ორსულს ფოლიუმის მჟავა – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, „გაგუას კლინიკის“ ექიმმა-რადიოლოგმა გენრიეტა გაგოშიძემ ისაუბრა.

ბოლო დროს სულ უფრო აქტიური გახდა გენეტიკური კვლევების აუცილებლობის საკითხი, თუმცა, საზოგადოებაში ამ თემაზე მაინც მწირი ინფორმაციაა, რას გულისხმობს ეს კვლევა და ორსულობის რა ვადაზე კეთდება ის?

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს კვლევები გათვალისწინებულია გარკვეული კატეგორიის ორსულებისთვის და ცხადია, ყველას არ ეხება. მნიშვნელოვანია ის, თუ რა ვადაზე კეთდება ეს კვლევები, პირველი ეს გახლავთ 11-დან 14 კვირამდე, ორსულთან ასოცირებული პროტეინი A-სა და ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრა. მეორე კვლევა, ალფა ფეტოპროტეინი, ქორიონული გონადოტროპინი  და ესტრიონი, ტარდება 15-დან 17 კვირის ვადაზე .

სასურველია თუ არა ამ კვლევის ჩატარება ყველა ორსულისთვის?

ეს კვლევები ყველა ორსულს არ ეხება, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ დატვირთული ანამნეზი ან რაიმე სხვა სახის გენეტიკური პათოლოგიები დაფიქსირებული ოჯახსა თუ სანათესაო წრეში. სხვა შემთხვევაში გენეტიკური კვლევების ჩატარება აუცილებლობას არ წარმოადგენს.  თუმცა, დღეს ძალიან ბევრ ქალთა საკონსულტაციო ცენტრებში  ამ კვლევებს მასიურად ატარებენ.

ორსულობის სხვადასხვა ვადაზე ჩატარებულმა რადიოლოგიურმა კვლევამ შესაძლოა, მოახდინოს ნაყოფის სხვადასხვა პათოლოგიის პრევენცია, რა დროს ხდება საჭირო დამატებითი კვლევების ჩატარება, ისეთის როგორიცაა „ჰარმონი“ ტესტი, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება?

შევეცდები განგიმარტოთ, რაში მდგომარეობს კვლევის არსი. ვერც ერთი ტესტი, რომელსაც გენეტიკური პათოლოგიების ამოსაცნობად ვაკეთებთ, ასპროცენტიან პასუხს ვერ გვაძლევს, არის თუ არა აქ რაიმე სახის ქრომოსომული პათოლგია. ერთადერთი ასპროცენტიანი გარანტი იმისა, რომ ნაყოფს ქრომოსომული თვალსაზრისით პათოლოგია არ აღენიშნება, გახლავთ ამნიოცენტეზი. მხოლოდ  ამნიონური სითხის ამოღებით და შემოწმებით ვართ დარწმუნებულები, რომ ნაყოფის მხრივ რაიმე ქრომოსომული პათოლოგია არაა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, არც ორმაგი, სამმაგი და სხვა ძვირადღირებული ტესტები ასპტროცენტიან გარანტიას არ იძლევა. ეს არის ის კვლევები, რომლებიც მიგვანიშნებს, საჭიროა თუ არა დამატებითი კვლევის დანიშვნა, მათი გართულება თუ სხვა ღონისძიებების ჩატარება.

რა დროს არის გენეტიკური პათოლიგიების რისკი უფრო მაღალი და შესაძლებელია თუ არა ამის პრევენცია?

ცხადია, არსებობს რიკს ფაქტორების ჩამონათვალი. მაგალითად ეს გახლავთ ასაკი. ჩვენ ვიცით, რომ 18 წელს ქვევით და 35 წელს ზემოთ ასაკი რიკს ფაქტორს მიეკუთვნება. ასეევ რისკის ქვეშ არიან წყვილები მემკვიდრული დაავადებებით. დიდ როლს თამაშობს რადიაციული გავლენა და ორსულობის დროს მედიკამენტების მიღება, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. ასევე რისკ ფაქტორია ნათესაური ქორწინებები, თუმცა საქართველოში ეს შემთხვევები თითქმის არ გვხვდება და ცხადია დამძიმებული ანამნეზი, მკვდრადშობადობა და მრავალი სხვა.

ორსულობისას გათვალისწინებულია რადიოლოგთან ვიზიტების კონკრეტული რაოდენობა, არის თუ არა ეს რაოდენობა საკმარისი?

ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ საკმარისი არაა. შემიძლია ეს დავასაბუთო, პირველი რადიოლოგიური კვლევა გახლავთ ორსულობის დადგენა, რომელიც სახელმწიფო პროგრამითაც გათვალისწინებულია. ესაა მენსტრუალური ციკლის გადაცდენიდან 5-6 დღის შემდეგ დაგეგმილი კვლევა, რათა მოხდეს ორსულობის დადგენა.  მეორე კვლევა ტარდება 11-დან 14 კვირამდე პერიოდში, ამ ვადაზე  კვლევის ჩატარება აუცილებელია, რადგან ამ დროს იზომება კისრის ნაკეცი და ცხვირის ძვალი. მესამე ვიზიტი ინიშნება 18-დან 22 კვირამდე, როცა ნაყოფის ყველა ორგანო სრუფასოვნად არის ჩამოყალიბებული, ხოლო მეოთხე ვიზიტი არის 30 კვირის ვადაზე. 36 კვირაზე ვიზიტი ინიშნება შეხედულებისამებრ და ის აუცილებლობას არ წარმოადგენს. მინდა ვთქვა, რომ 30 კვირის მერეც არის ძალიან ბევრი საფრთხე, იგივე ზრდაში შეფერხების სინდრომი, რომელიც საჭიროების ექიმი გინეკოლოგის სასწრაფო ჩარევას და ამის მიყურადება არ შეიძლება. ამიტომ ვთვლი, რომ ორსული 30 კვირის მერეც საჭიროებს ექიმი-რადიოლოგის დაკვირვებას და არანაკლებ, ვიდრე პირველ და მეორე ტრიმესტრში.

ზრდაში შეფერხების სინდრომი ახსენეთ, ვადაზე პატარა ნაყოფი  ან პირიქით, დიდი  ნაყოფი,  მიუთითებს თუ არა ეს საშიშ მდგომარეობაზე?

ორივე მომენტი საყურადღებოა და ნორმისგან გადაცდენაა. მცირე წონის ახალშობილი, როცა ის იმაზე ნაკლები წონისაა, ვიდრე უნდა იყოს და სახეზეა ზრდაში შეფერხება, საჭიროებს მეანის დაუყოვნებლივ ჩარევას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჟანგბადის, საკვები ნივთიერებების უკმარისობით ან სხვა ფაქტორებით. დიდი ნაყოფიც რისკ ფაქტორს წარმოადგენს, მეტწილად ესაა შაქრიანი დიაბეტის მქონე მშობლების შემთხვევა და მიუხედავად დიდი წონისა, ამ დროს ნაყოფი უმწიფარია. საჭიროა მკურნალობა და დროული ჩარევა.

იმ გავრცელებულ პათოლოგიებზე მინდა გკითხოთ, რომლებიც რადიოლოგიური კვლევის დროს ხშირად იკვეთება, მაგალითად ესაა წყლების სიმცირე ან მათი სიმრავლე, რაზე მიანიშნებს ეს?

მცირეწყლიანობა და მრავაწყლიანობა შეიძლება იყოს ნაკლებად საშიში ან ძალიან საშიში მდგომარეობა. როდესაც მცირეწყლიანობა გამოწვეულია ისეთი სერიოზული პათოლოგიით, როგორიცაა მაგალითად  ნაყოფის შემთხვევაში თირკმელის ან საშარდე  ბუშტის არარსებობა, სახეზეა განვითარების თანდაყოლილი მანკი და ეს მდგომარეობა ძალიან საშიშია. მინდა გითხრათ, რომ მცირეწყლიანობა და მრავაწყლიანობაც შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური პათოლოგიებით. ცხადია ამან ორსულები არ უნდა შეაშინოს, რადგან წყლების სიმცირე ან სიჭარბე ყოველთვის პათოლოგიაზე არ მიუთითებს. ეს შეიძლება იყოს ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის შედეგი.

გადაცემის ლაივი LIVE

ჰიპერტონუსი, გულისხმობს თუ არა ეს დიაგნოზი იმას, რომ ორსული რისკის ქვეშ იმყოფება და ქმნის თუ არა ტონუსი ნაადრევი მშობიარობის საფრთხეს?

ჰიპერტონუსი ძალიან ფართოდ გავრცელებული დიაგნოზია, მაგრამ როგორც წესი, ის იმაზე ნაკლებად გვხვდება,  ვიდრე დიაგნოსტირდება. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს ჰიპერდიაგნოსტირებას. ნაადრევი მშობიარობის განსაზღვრა ხდება საშვილოსნოს ყელის სტრუქტურული ცვლილების მიხედვით. ტონუსი დროებითი მოვლენაა და ის განსაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს. მკურნალობას, წოლით რეჟიმს და სხვა სახის საპრევენციო ღონისძიებებს საჭიროებს მხოლოდ ყელის სტრუქტურის შეცვლა.

 რა დროს ხდება აუცილებელი ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია და რა ინფორმაციას იძლევა ის?

დოპლერი არის მედიცინის დიდი მონაპოვარი. ის განსაზღვრავს სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს. სისხლს გადააქვს ჟანგბადი, საკვები ნივთიერებები ანუ ყველაფერი, რაც ნაყოფს სჭირდება, სისხლის  მიმოქცევით განისაზღვრება. დოპლეროგრაფიული კვლევა გვეუბნება, როგორ მიეწოდება სისხლი, ის შენებელულია, უფრო აჩქარებული თუ ნორმის ფარგლებში. ძალიან ხშირად ნაყოფის მცირე წონა ან პლაცენტის მომწიფება გამხდარა უწინ საკეისრო კვეთის ვადაზე ადრე დანიშვნის მიზეზი. დოპლერი გვაძლევს საშულებას ობიექტურად შევაფასოთ, სჭიროა თუ არა ნაყოფის დროზე ადრე ამოყვანა და გავიგოთ მშობიარობის ოპტიმალური ვადა.

მე ვთვლი, რომ დოპლეროგრაფია 36 კვირის ვადიდან ყველა ორსულმა ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს. ეს მოგვცემს საშუალებას გავიგოთ, საჭიროა თუ არა ამ კვლევის განმეორებთ ჩატარება და ორსულის მუდმივი მონიტორინგი. არიან პაციენტები, ვისაც ეს კვლევა ყოველკვირეულად უტარდებათ, რადგან ამის საჭიროება არსებობს.

ნაყოფის მოძრაობა მუცლადყოფნისას – რა სიხშირით უნდა გრძნობდეს ამას დედა დღის მანძილზე და რა არის ის საგანგაშო ნიშანი, როცა რადიოლოგთან ვიზიტი არ უნდა გადავდოთ?

ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. აქ მნიშვნელოვანია, დღის რა მონაკვეთზე ვსაუბრობთ. ხშირია, როდესაც ღამით დედას სძინავს და ბავშვი სწორედ ამ დროს იწყებს მოძრაობას. ორსულები ამაზე ხშირად ჩივიან, არადა ეს სრულიად ნორმალური, ბიოლოგიური პროცესია. მუცლადყოფნისას ბავშვები ღამით უფრო აქტიურები არიან და დღისით თვლემენ.

ის რომ ზოგიერთი ბავშვი უფრო აქტიურად მოძრაობს და სხვა პასიურად, რაიმე სახის პრობლემაზე არ მიუთითებს. აქ საყურადღებოა მხოლოდ ჩვეული მოძრაობის ცვლილება, ამას დედამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. იცვლება თუ არა ნაყოფის მოძრაობა და ხდება თუ არა ის უფრო ინტენსიური ან პირიქით, ეს უკვე შემაშფოთებელი სიმპტომია და აუცილებლად საჭიროებს ექიმთან დაუყოვნებლივ ვიზიტს.

ორსულობის რა ვადაზე უნდა იგრძნოს დედამ ჩვილის პირველი მოძრაობა?

დადგენილია, რომ 18 კვირა ესაა მეორე ორსულობის შემთხვევაში და 20 კვირა პირველი ორსულობისას. შეიძლება იყოს ინდივიდუალური განსხვავება დღეებში, მაგრამ არა კვირებში.

4 განზომილებიან ულტრაბგერით კვლევაზე მინდა გკითხოთ, რა განსხვავებული ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს ამ კვლევამ, რასაც აქამდე ვერ ვიგებდით?

ისეთი პათოლგოები, როგორიც არის კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა დიაგნოსტირდება სწორედ 4 განზომილებიანი ულტრაბგერითი კვლევით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა ვთქვა, რომ ცალკე აღნიშვნის ღირსია ვიზუალური მხარე, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა ორსულობისას იწყება დედის შფოთვისა და ნერვიულობის ფონზე. ამიტომ მისთვის 4 განზომილებიანი კვლევა თერაპიის როლს ასრულებს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რადიოლოგიური კვლევა არ შეიძლება ჩატარდეს იმ ვადებზე, რომლებიც სტანდარტით არაა მოწოდებული. ეს თერაპიის როლს თამაშობს, დედა უფრო მშვიდი ხდება და დედის სიმშვიდე ახალშობილის ჯანმრთელობის გარანტია.

დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ორსულობამდე და ორსულობის მსვლელობისას ფოლიუმის მჟავის მიღება აუცილებელია, რეალურად რა დადებით პროცესებს უწყობს ხელს ფოლიუმის მჟავა?

მე პირადად ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე დიდი აღმოჩენა, ეს გახლავთ მინიმალური დანახარჯით მიღებული მაქსიმალური ეფექტი. ეს შემიძლია გითხრათ, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა.

ფოლიუმის მჟავა ცენტრალური ნერვული სისტემის სწორად ჩამოყალიბების პროფილაქტიკას უწყობს ხელს, რაც უმნიშვნელოვანესია.

ეს მედიცინის უდიდესი მიღწევაა, რადგან ჩვენ გვაქვს გარანტი, რომ ერთი პრეპარატის მიღებით, სწორად ყალიბდება ცენტრალური ნერვული სისტემა. მათ შორის ფოლიუმის მჟავის მიღება რეკომენდებულია ორსულობის დაგეგმვის პროცეშიც, რადგან ის უამრავი პათოლოგიის პრევენციასაც ახდენს.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები