LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშობაო საჩემპიონო დერბი: გოლდენ სტეიტმა კლივლენდთან ბოლო წამებზე წააგო (ვიდეო)

34

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” საშობაო დერბიში “კლივლენდთან” 1 ქულით დამარცხდა.

შობა დღის მატჩები ნბა-ში გამორჩეული მოვლენაა. ამ დღეს ორგანიზატორები სპეციალურად ნიშნავენ ისეთ შეხვედრებს, რომლებიც დაძაბულობით გამოირჩევა. დღის ცენტრალურ მატჩს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წლეულს ასეთი გახლდათ გასული სეზონის ფინალისტების – „კლივლენდისა“ და „გოლდენ სტეიტის“ მატჩი, რომელში მონაწილეობა ოკლენდელთა სასტარტო ცენტრმა ზაზა ფაჩულიამაც მიიღო.

მატჩიც ძალიან დაძაბული გამოდგა და სამწუხაროდ, ფაჩულიას გუნდის მარცხით დასრულდა. „გოლდენ სტეიტი“ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა კაილ ირვინმა ოკლენდელებს გამარჯვება ჯიბიდან ამოაცალა. შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე სტეფ კარიმ სამქულიანით 108:105 დააწინაურა „გოლდენ სტეიტი“.

ამას მასპინძლებმა ირვინის სწრაფი ორქულიანით უპასუხეს და შემდეგ დაცვაში ბურთიც მოიპოვეს. საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ირვინმა გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა და 109:108 „კლივლენდის“ სასარგებლოდ. სტუმრებს ჰქონდათ თაამაშის გადარჩენის შანსი, მაგრამ კევინ დიურანტს ბურთის მიღებისას ფეხი დაუცდა და წაიქცა. ოკლენდელთა ლიდერმა ფარს ფიცარნაგზე მჯდომმა შეუტია, მაგრამ ძალიან შორს იყო და ბურთმა კალათმდე ვერ მიაღწია.

დიურანტმა შეხვედრა 36 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა. 24 ქულა ჰქონდა კლეი ტომპსონს, ხოლო 15-15 სტეფ კარის და დრეიმონდ გრინს. სასტარტო ხუთეულის კიდევ ერთმა წევრმა – ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 13 წუთი გაატარა და 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. რაც შეეხებათ კლივლენდელებს, მოქმედ ჩემპიონს 31 ქულით და 13 მოხსნით ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. კაილ ირვინმა გამრჯვებულებს 25 ქულა, 10 პასი, 7 ჩაჭრა და 6 მოხსნა შემატა.

წაგების მიუხედავად, „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციას და სრულიად ლიგას ლიდერობს. ოკლენდელებს 27 მოგება და 5 მარცხი ქვთ. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 29 დეკემბერს, შინ „ტორონტოსთან“ გამართავს.

 

https://www.youtube.com/watch?v=pLqQb1i58oE

მანამდე კი:
„ბრუკლინთან“ მაღალშედეგიანი თამაშის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ ტემპი მცირედით დააგდო და „დეტროიტთან“ ორმაგ დუბლს ვერ უწია, თუმცა მაინც სტაბილურად ითამაშა და რაც მთავარია, მისმა გუნდმა იმარჯვა. ოკლენდელებმა სამმატჩიანი გასვლითი ტურნეს მეორე შეხვედრა დეტროიტში – „პისტონსთან“ გამართეს, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში – 119:113 დაამარცხეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში სროლათა 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა. ზაზამ 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 7 ქულას ქართველმა ცენტრმა ამდენივე მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. გოლდენსტეიტელებმა მასპინძლები ბოლო წუთზე გატეხეს, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები