LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასჯელაღსრულების N7 დაწესებულება დაიხურება – სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს

79

26 ივნისს სასჯელაღსრულების N7 დაწესებულება საზეიმოდ დაიხურება, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

კახიშვილი იმედოვნებს, რომ #7 დაწესებულების მსგავსი საპატიმრო საქართველოში აღარასოდეს აღარ იარსებებს.

„26 ივნისს, წამების საერთაშორისო დღეს, ჩვენ, ალბათ, დავხურავთ ავადსახსენებელ მეშვიდე დაწესებულებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს დაწესებულება ასევე მოხვედრილია CPT-ის ანგარიშში და ჩვენ სახალხო დამცველთან ერთად, საზეიმოდ დავხურავთ ამ დაწესებულებას,“ – განაცხადა კახიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე დაბალი რისკის დაწესებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეისთვის N16 დაწესებულება პრაქტიკულად შევსებულია.

„როცა გავხსენით დაბალი რისკის #16 დაწესებულება, პირველ ეტაპზე ძლივს შევაგროვეთ 20 ადამიანი, რომ გადასაულიყვნენ ამ დაწესებულებაში. იმდენად დიდი იყო კრიმინალური სუბკულტურის გავლენა, რომ ვერ ვპოულობდით ადამიანებს რომლებსაც გადავიყვანდით კარგ დაწესებულებაში, შრომის პირობის უფლებით. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვავსებთ ამ დაწესებულებას,“ – განაცხადა კახა კახიშვილმა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს. კახიშვილის ინფორმაციით, პატარა ციხეების მოდელის ფარგლებში უკვე შემუშავებულია პროექტი, რომელიც 500 კაციანი ციხეების აშენებას ითვალისწინებს.

„შემუშავდა და მზადაა პროექტი პატარა ციხის, რადგან სამართავად უფრო ეფექტურია. დაახლოებით ერთი და იგივე პროექტით ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას არაუმეტეს 500 კაციანი ციხეების“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე იმ სარგებელზეც ისაუბრა, რომელსაც მსჯავრდებული სასჯელის მოხდისას მიიღებს და სასჯელის ვადას შეიმცირებს. ამ მხრივ კახა კახიშვილის ინფორმაციით, უკვე მზადდება კანონპროექტი, რომლითაც ციხეში დასაქმებულ პატიმრებს, სასჯელის ვადა შესაბამისი ფორმულით შეუმცირდებათ.

„რა უნდა შევთავაზოთ ჩვენ ადამიანს, რომელიც მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში, უწევს რამდენიმე წლით სასჯელის მოხდა? რა უნდა შესთავაზოს მას სახელმწიფომ იმისთვის, რომ ის არ დაინტერესდეს კრიმინალური სუბკულტურით და კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლებმა არ მოახდინონ მასზე ზეგავლენა? – ეს არის ბენეფიტები, რომელიც დაკავშირებული იქნება გათავისუფლებასთან. ამიტომ ჩვენ ძალიან მალე წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს,“ – განაცხადა კახიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები