LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასმელი, მუსკა და საჩუქრები: ხვალ ღვინის ფესტივალი გაიმართება

182

ახალი ღვინის ფესტივალი ხვალ მთაწმინდის პარკში ჩატარდება. 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე და ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს 2016 წლის მოსავლის ღვინოებს წარუდგენენ.

12.00 საათზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი “ახალი ღვინის ფესტივალს” საზეიმოდ გახსნის. ამავე დროს ტრადიციულად, გაიხსნება ქვევრიც.

სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ დააგემოვნონ საუკეთესო ღვინოები. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალზე იქნება მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვ.

საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მერვედ ჩაატარებს ახალი ღვინის ფესტივალს, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია იღებდა მონაწილეობას, ხოლო გასულ 2016 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები – სულ 200-მდე სუბიექტი.

2016 წელს ახალი ღვინის ფესტივალმა უმასპინძლა 40 000-ზე მეტ სტუმარს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტები. ვიზიტორებს შორის შეინიშნებოდა ახალგაზრდების სიმრავლე. გასულ წელს ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, თითქმის ყველა დიდი მწარმოებელი კომპანია, ასევე, მცირე მარნები და მევენახე გლეხები, რომელთა ღვინოები „საქართველოს ღვინის კლუბმა“ საგანგებო შერჩევის შედეგად რეგიონებში გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, მათმა დიდმა ნაწილმა, ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ საკუთარი წარმოება განავითარა და თანდათან მკვიდრდება ქართულ ბაზარზე.

ახალი ღვინის ფესტივალი 2017-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, ქ. თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო უცნობი, რადიო JAKO FM, “მარანი” (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, Caucasus Journey, Giffer.

პოპულალურები