LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო “ალაზნის ველის” გაფართოებისთვის 800 000 ლარის ინვესტიცია გამოიყო

66

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, 23-ე ბენეფიციარი ჰყავს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სასტუმროს გაფართოებას შეძლებს.

პროგრამის მხარდაჭერით შპს „ელგი“ შეძლებს გააფართოვოს სასტუმრო სახელწოდებით „ალაზნის ველი“ – 31 ნომრიან სასტუმროს  კიდევ  20 ოთახი დაემატება. აღსანიშნავია, რომ გაფართოების შემდგომ, სასტუმროში დამატებით გაიხსნება საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზი, ქართული მარანი ქვევრის ღვინით  და სადეგუსტაციო დარბაზი.  

შპს „ელგი“  სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“  ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში  აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის დიდ ნაწილს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 800 000 ლარს შეადგენს, ხოლო სასტუმრო, რომლის გახსნა  2018 წლის ბოლოს  იგეგმება, პირველ ეტაპზე 45 ადამიანს დაასაქმებს.

სასტუმროს მშენებლობა თელავში, ალაზნის გამზირზე, #75-ში მიმდინარეობს.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ახალი სასტუმროების გახსნა  ხელს შეუწყობს  ტურიზმის სფეროს განვითარებას, ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს და მომხმარებლებისთვის კეთილმოწყობილ გარემოს შექმნის.