LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

107

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე – www.acda.gov.ge დღეიდან 1-ლი ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვა შეუძლია იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც რეგისტრებულნი არიან „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს. დადგენილი კრიტერიუმებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში ჰყავს არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული, 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ სათიბი, ან საძოვარი ან ორივე ერთად, რაც ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1.5 ჰა-ს და არაუმეტეს 4ჰა-ს შეადგენს.

„კოოპერატივები თანადაფინანსებით მიიღებენ საქონლის საკვების წარმოებისათვის საჭირო აღჭურვილობას ტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დაგეგმილია 10 კოოპერატივისათვის სახელმწიფო პროგრამაში არსებული სათიბ-საძოვრებისა და ტექნიკის გადაცემა. გასულ წელს პროგრამაში 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები