LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილება

64

საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის (მაჯლის აშ-შურა) თავმჯდომარეს, აბდულა იბნ მუჰამად ალ აშ-შეიხს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ბოლო სამი წლის განმავლობაში, ძალიან დინამიურად ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის. საუდის არაბეთი წარმოადგენს წამყვან ინვესტორს მსოფლიო ეკონომიკაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ურთიერთობა როგორც ყურის ქვეყნებთან, ისე საუდის არაბეთთან, როგორც ყურის ქვეყნების წამყვან სახელმწიფოსთან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საუდის არაბეთის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები პოზიტიურია.  ”მე მქონდა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, მანამდე შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები სამეფოში. ჩვენს ქვეყნებს შორის დადებით ურთიერთობებზე მეტყველებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტი საუდის არაბეთში. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება“, – აღნიშნა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, ხელმოწერილი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები