LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ფილმები მოტივაციისთვის

“მოჩვენებითი სილამაზე”, 2016

გადატანილი ტრაგედიის შემდეგ, მთავარი პერსონაჟი ვერაფრით ახერხებს მძიმე სიტუაციიდან თავის დაღწევას, კოლეგები კი, მის დასახმარებლად საინტერესო ექსპერიმენტს მიმართავენ. გულისამაჩუყებელი სიუჟეტი და მოულოდნელი ფინალი მართლაც არავის დატოვებს გულგრილს.

 

“ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა”, 2011

გენიალური ბილი ბინის ისტორია, რომელმაც შეზღუდული ბიუჯეტითა და უიღბლო მოთამაშეებით ბრწყინვალე ბეისბოლის გუნდი შექმნა, ერთი შეხედვით კომედიას ჰგავს, თუმცა სინამდვილეში, ეს იმ ადამიანის დრამაა, რომლისაც მართალია არავის სჯეროდა, მაგრამ მან მაინც შეძლო წარმატების მიღწევა.

 

” გადაუხადე სხვას”, 2000

მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი პატარ ბიჭუნაზეა, რომელმაც უცნობი ადამიანების დახმარებით გადაწყვიტა სამყაროს შეცვლა. აღსანიშნავია, რომ თეორია, რომლითაც ფილმის მთავარი პერსონაჟი ხელმძღვანელობს, რეალურ ცხოვრებაშიც საკმაოდ ეფექტურია.

 

“დიდი თვალები”, 2014

გასული საუკუნის 60-იან წლებში მთელმა მსოფლიომ შეიტყო გრანდიოზული თაღლითობის შესახებ, რომელიც მხატვრებმა მარგარეტ და უოლტერ კინებმა განახორციელეს. ბრწყინვალედ გაყიდული ნახატებს – ბავშვებს დიდი თვალებით, როგორც აღმოჩნდა სულ სხვა ადამიანი ქმნიდა და არა ის, ვისაც პუბლიკა ეთაყვანებოდა.

 

“1+1” (“ხელშეუხებლები”), 2011

მდიდარი, თუმცა პარალიზებული ფრანგისა და შავკანიანი ემიგრანტის მეგობრობის ისტორიას რეალური ამბავი დაედო საფუძვლად. ოლივიე ნაკაშისა და ერიკ ტოლედანოს დრამა ბრწყინვალე მსახიობების – ფრანსუა კლუზოსა და ომარ სის მონაწილეობით, ფრანგული კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმად იქცა.

 

“ყოველთვის თქვი “დიახ!”, 2009

ჯიმ ქერის პერსონაჟი უმიზნო, საშინლად ზარმაცი და უჟმური კაცია, რომელსაც “დიდ სამყაროში” გასვლას და ადამიანებთან ურთიერთობას, მორიგი სულელური მიზეზის მოფიქრება ურჩევნია, თუმცა, ყველაფერი იცვლება, როცა მშვენიერ ქალბატონს ხვდება და თანხმდება ექსპერიმენტს – ყველაფერზე თქვას “დიახ!”

 

“ველურ პირობებში”, 2007

ახალგაზრდა კაცი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია გაიკეთოს კარიერა და მოხვდეს მაღალ საზოგადოებაში, იქორწინოს მშვენიერ ქალბატონზე და გახდეს სამაგალითო მეოჯახე, ყველაფერს ტოვებს და სამოგზაუროდ მიდის, რადგან ერთი შეხედვით წარმატებული ცხოვრება მისთვის საოცრად მომქანცველია, თავგადასავლების ძიება კი, საკუთარი თავის პოვნის საუკეთესო საშუალებაა.

 

“მოსამსახურე ქალი”, 2011

ემოციონალური, კეთილი და თბილი დრამა აფროამერიკული საზოგადოების პრობლემებზე, საუკეთესო მოტივაციაა მათთვის, ვისაც არ სჯერა, რომ ცხოვრებაში მთავარი პატიოსნებაა, პირველ რიგში საკუთარ თავთან.

 

“შეპყრობილი”, 2014

ენდრიუ ნიმანი – პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის პირველკურსელია, რომლიც  საკუთარ კერპის ბადი რიჩის წარმატების გამეორებას ცდილობს. მართალია, ნიჭიერი ახალგაზრდა უნივერსიტეტის გურუს ტერენს ფლეტჩერს ორკესტრში ხვდება, მაგრამ მაესტროს ახალგაზრდებთან მუშაობის საკმაოდ სასტიკი მეთოდები აქვს, ენდრიუ კი, იძულებულია დაამტკიცოს, რომ ის მართლაც საუკეთესო დრამერია.

 

“სოციალური ქსელი”, 2010

თანამედროვებობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური ფილმი, რომელიც დევიდ ფინჩერმა გადაიღო მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერზე მარკ ცუკერბერგზე და იმ წარმატებაზეა, რომელიც გაუზიარებელი სიყვარულით დაიწყო, როცა მეგობარი გოგონას უარით გულდაწყვეტილმა მარკმა ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი შექმნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები