LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავი, სიგარეტი და ახლა უკვე პური – როგორია ფასების მატების ქრონოლოგია

საწვავსა და სიგარეტზე ფასების ზრდის შემდეგ, ბოლო რამდენიმე დღეა მოქალაქეები ყოველდღიური მოხმარების პროდუქტზე – პურზე ფასის მატებას უჩივიან. ზოგი დასახელების პურის ფასი მათი ინფორმაციით, 5-10 თეთრით გაძვირდა. გაძვირებას თავად კომპანიებში კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ შესაძლოა მაღაზიამ, სადაც ეს პროდუქცია იყიდება, ფასი თვითნებურად გააძვირა.

ლელა ბ. პურს ოჯახისთვის და ასევე, საკუთარი მცირე ბიზნესისთვის ყოველდღიურად ყიდულობს, შესაბამისად, პურზე ფასის მომატებაც მაშინვე შეამჩნია.

პურს ძირითადად ვყიდულობ „ნიკორას“, „ორი ნაბიჯისა“ და „კარფურის“ მაღაზიათა ქსელში. ბოლო დღეებია „ორ ნაბიჯში“ “იფქლის” სერ პურს, რომელშიც აქამდე 80 თეთრს ვიხდიდი, ახლა 90 თეთრად ვყიდულობ. ასევე, მოიმატა თეთრი დაჭრილი პურის ფასმა „ნიკორაშიც“. აქამდე 90 და 1 ლარი ღირდა, ახლა კი მათი ფასი 10-10 თეთრითაა გაძვირებული. ვითომ არაფერი 5 და 10 თეთრი, მაგრამ ძალიანაც ბევრს ნიშნავს,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ლელა ბ-მ.

პურის ფასის გაძვირებაზე ჩივის კიდევ ერთი მოქალაქე გურამ ს. როგორც ის „ფორტუნას“ უყვება, ბოლო დღეებია „ორი ნაბიჯის“ მაღაზიათა ქსელში 60 თეთრიან პურს ახლა უკვე 70 თეთრად ყიდულობს.

სოფო ბედიაშვილი „იფქლი დიღომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელია, რომელიც მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, მისი კომპანიის მიერ წარმოებული პურის ფასის მატებას კატეგორიულად უარყოფს. როგორც ის „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, არცერთი კატეგორიის პური მათ არ გაუძვირებიათ და მაღაზიებთანაც აქვთ კომუნიკაცია, რათა არც მათ არ გაზარდონ თვითნებურად პურის ღირებულება.

„პურის ფასი არ გაგვიძვირებია, უბრალოდ დავამატეთ კიდევ ერთი კატეგორია. გვქონდა 60 თეთრიანი პური, რომელსაც ერქვა „დიღმის პური“ და დავამატეთ 70 თეთრიანი პური, რომელსაც ქვია „დიღომი +“.  არის უფრო დიდი და აქვს უფრო მეტი წონა. ორივე გვაქვს, ორივეს ვაწარმოებთ, უბრალოდ, განსხვავდება 50-60 გრამით. რაც შეეხება დაჭრილ რუხ პურს, 80 ღირდა და ახლაც ღირს 80 თეთრი. ჩვენთან წარმოებაში ფასი არ შეცვლილა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვთხოვოთ მაღაზიებს, ფასი არ გაზარდონ. მაგალითად „გუდვილი“ და „სმარტი“ მცირე ფასნამატით ყიდის და ამაზე ვართ ინფორმირებული,“ – განაცხადა სოფო ბედიაშვილმა.

პურზე ფასის მომატებას უარყოფენ „ორი ნაბიჯის“ მაღაზიათა ქსელშიც. მათი განცხადებით, მოქალაქეების უკმაყოფილება საფუძველს მოკლებულია.

„არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვაქვს იგივე ფასი, რომელიც ყველა სხვა ქსელს აქვს ანალოგიურ პურზე. იგივე ფასი გვაქვს, რაც ყველას თბილისში, რომელსაც აქვს იგივე პური,“ –  განუცხადეს „ფორტუნას“ კომპანიაში.

პურის ფასი არ არის ერთადერთი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გაძვირდა. თამბაქოს მომხარებელები ფასების ზრდას სიგარეტზეც უჩივიან.

როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას ისინი ამბობენ, სიგარეტზე ფასი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 10 თეთრით გაიზარდა.

გაძვირდა „პარლამენტისა“ და „სობრანიეს“ ფასი, 5 ლარი იყო და 5.10 ლარი გახდა. ასევე, გაძვირდა „კენტი #8-ის“ ფასიც, 4.30 ღირდა და ახლა 4.40 ღირს,“ – განაცხადეს მოქალაქეებმა.

ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, რომ ყოველ წელს ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი დაახლოებით 40 თეთრით გაზარდოს, რაც შესაბამისად სიგარეტის ფასის მატებასაც გულისხმობს.

თუმცა, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ თამბაქოს ნაწარმზე ფასის მატებას აქციზის გადასახადის მატებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მოგება თამბაქოს ინდუსტრიაში მიდის.

„აქციზის ფასმა ბოლოს მოიმატა 2017 წლის პირველ იანვარს. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა ფასის მატება, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ თამბაქოს ინდუსტრია ამით იზრდის მოგებას და ეს აკლდება სახელმწიფოს. ამიტომ, მოვუწოდებთ ფინანსთა ახალ მინისტრს, რომ მალე მოხდეს თამბაქოს პროდუქტზე გადასახადის მატება. ასევე გათანაბრდეს ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე გადასახადი, რადგან მანიპულირება მოიხსნას. ქვეყანაში თამბაქოს 70 პროცენტი არის იმპორტირებული, შესაბამისად ეს მოგება გაედინება ქვეყნის გარეთ,“ – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

დაახლოებით 5-10 თეთრით გაძვირდა საწვავის ფასიც. ამაზე  “ფორტუნა” ერთი თვის წინ წერდა. მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასის მომატება, როგორც წესი, ავტომატურად აისახება საქართველოში საწვავის ფასზეც. საწვავის ფასის გაძვირება კი, ზრდის როგორც პროდუქტების, ასევე საზოგადოებრივი და საქალაქთშორისო ტრანსპორტის მგზავრობის საფასურს.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები