LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის ფასების ზრდას ვარდების მოედანზე გააპროტესტებენ

116

საწვავზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებით, 5 მარტს საპროტესტო აქცია იგეგმება.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ 13 საათზე ისინი “ვარდების მოედანზე” საკუთარი ავტომობილებით მივიდნენ და ამით საწვავის ფასებზე პროტესტი დააფიქსირონ.

აქციაზე აქციზის გაზრდილი გადასახადის შემცირებას მოითხოვენ.

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ნავთობის ბირჟებზე საწვავის ფასის გაზრდის პარალელურად, საქართველოში ისედაც გაძვირებული ბენზინი, ზაფხულისთვის 3.10-3.60 ლარამდე ავა.

მათი თქმით, ფასების ზრდა არა მხოლოდ ავტომფლობელებზე, არამედ ნებისმიერ მოქალაქეზე აისახება.

როგორც “ფორტუნას” ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ვახო ხარაზიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე ისინი საორგანიზაციო საკითხებს აგვარებენ.

აქციისთვის ტერიტორიის გამოყოფით მიზნით, მოქალაქეთა ჯგუფი მერიას მიმართავს. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი ვარდების მოედნის ავტომობილებით გადაკეტვასა და შემდეგ კი მსვლელობის მოწყობას გეგმავენ.

“დავანახოთ და გავაგებინოთ საქართველოს ეკონომიკურ გუნდს, რომ აქციზზე ფასის მატება ურტყავს ყველას როგორც ავტომფლობელს, ისე რიგით მოქალაქეს. მაგალითად, საწვავზე აქციზის ფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია ისეთ პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასის ზრდაზე როგორიც არის თუნდაც პური”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ აქცია თავისუფალია ყველანაირი პოლიტიკური პარტიებისა თუ მოთხოვნებისგან.

ისინი ამბობენ, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს მანამ, სანამ ხელისუფლება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

სოციალურ ქსელში ივენთი დღეს შეიქმნა და მასზე დასწრების სურვილს ამ დროისთვის 244 ადამიანი ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ფასები საწვავზე დღესაც გაზარდა:

http://old.fortuna.ge/sawvavis-akhali-fasebi-benzini-kvlav-gadzvirda/

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები