LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის ფასი დღის ბოლომდე, ყველა ქსელში მოიმატებს

109

საქართველოში საწვავს, მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებისა და ლარის კურსის გამო, ყველა ნავთობკომპანია აძვირებს.

შაბათიდან „ვისოლის“, „რომპეტროლისა“ და „გალფის“ სადგურებზე საწვავის ფასმა დაახლოებით, 5-6 თეთრით მოიმატა.

დღეს დილით, კომპანია ”ლუკოილმა”, სადაც ამ დრომდე, ძველი ფასები იყო შენარჩუნებული, ყველა პროდუქტზე ფასი 5 თეთრით გაზარდა.

როგორც ”ლუკოილის” გენერალურმა დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ ”ფორტუნასთან” განაცხადა, თუ ვალუტის კურსი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დასტაბილურდება, საწვავის ფასიც შესაბამისად, სტაბილური იქნება.

”ფასის შენარჩუნება ამ ფაქტორების მიუხედავად, კონკრეტულ კომპანიებში, მარაგთან არის დაკავშირებული. თუმცა, საბოლოო ჯამში, რამდენიმე დღეს დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ფასები მსოფლიო ბაზრისა და ვალუტის კურსის შესაბამისად დარეგულირდება”, – განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

საწვავზე ფასი დღის განმავლობაში მოიმატებს ”სოკარის ქსელშიც”.

როგორც ”ფორტუნას” “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” კორპორაციული ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ზუბიტაშვილმა აცნობა, მათ ქსელში ფასები 4-5 თეთრამდე გაძვირდება.

”არსებულ ფასს ვერაფრით ვეღარ ვინარჩუნებთ, ვინაიდან, ნავთობი ძალიან გაძვირდა. 2016 წელს ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა ნავთობის ფასი ახლა. გარდა ამისა, ლარი გაუფასურებას კვლავ განაგრძობს. არანაირი ბერკეტი აღარ გვაქვს, რომ ფასი შევინარჩუნოთ და იძულებულები ვართ ყველაზე მინიმალური ნიშნულით გავზარდოთ ფასები ჩვენს პროდუქტებზე”, – განაცხადა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა ”ფორტუნასთან” განმარტა, საწვავის გაძვირების პროცესი მსოფლიო ბაზარზე სექტემბრის თვიდან დაიწყო.

მისი თქმით, ფასის მატება ორ მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული: ლარის გაცვლით კურსზე და საწვავის საერთაშორისო ფასზე, შესაბამისად მთვრალიშვილი საწვავზე ფასების მატებას ჯერ კიდევ წინა კვირას პროგნოზირებდა.

”ლარი უფასურდება ბოლო პერიოდში, რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს, აქ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ ორი კომპონენტის ერთობლიობა, რომელიც ნეგატიურ დიაპაზონშია, გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ საქართველოში რიგმა კომპანიებმა უხალოეს პერიოდში დაიწყონ ფასების მატება, თუმცა ეს აუცილებელი არ არის”, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

 

პოპულალურები