LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავზე აქციზის ზრდა თითოეულ მოქალაქეზე აისახება – ავტომობილი ფუფუნების საგანი გახდება?

115

საწვავზე და მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გადასახადის გაზრდის მოლოდინმა ავტოიმპორტიორები და უბრალოდ ავტომობილთა მფლობელები ქუჩაში გამოიყვანა.

მასშტაბური აქცია თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში ერთდროულად ორგანიზდა.

აქციის მონაწილეებმა, ხელისუფლებას მოუწოდეს აღნიშნულ ცვლილებას და მის მიზანშეწონილობას გადახედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.

საქმე იმაშია, რომ ხელისუფლება 2017 წლის 1 იანვრიდან რიგ პროდუქტებზე, მათ შორის, თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაზრდას გეგმავს.
საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრება სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით.

ასევე, გარემოს დაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისთვის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში შემცირდება 60 პროცენტით, ნაცვლად დღეს არსებული 50 პროცენტისა.

ამასთან, პარლამენტი ახალი კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც მანქანებზე ქონების გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.

კანონი მხოლოდ შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე პირებს შეეხებათ და გადასახადის დონე ავტომობილის ასაკზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ვალდებული ხდება, გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. 1 წლამდე ავტომობილი -500 ლარი, 1 დან – 5 წლამდე – 240 ლარი, 5 წლიდან 10 წლამდე -120 ლარი, 10 წლის ზემოთ – 60 ლარი.

ამ ფენის წარმომადგენელს, რომელიც ავტომობილის შეძენას,  გადასაადგილებლად ელემენტარული კომფორტის გამო გადაწყვეტს, ბევრად უფრო მეტი თანხის მობილიზება დასჭირდება, რადგან ყველაზე დაბალფასიანი ავტომობილის – მარჯვენასაჭიანის ღირებულებაც კი გაიზრდება. დიდი შანსია, რომ ასეთი ფენიდან ავტომობილების შეძენის სტატისტიკა საგრძნობლად შემცირდეს.

მით უმეტეს, რომ ამავე ფენიდან, ოჯახს, რომლის შემოსავალიც თვიურად 3 000–ს აღემატება და მსუბუქ ავტომობილს ფლობს, ამ ქონებისთვის შესაძლოა, სახელმწიფოსთვის გადასახადის გადახდა მოუწიოს.

ამაზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, კი ავტომობილის ფლობა და მისით გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, იმ პირობებში, როდესაც საწვავის ფასიც მოიმატებს (აქციზის გადასახადის ზრდა პირდაპირკავშირშია პროდუქტის ფასის ზრდასთან)

ასე რომ, სახელმწიფო არც მათ ტოვებს კმაყოფილს, ვინც ამ დრომდე მოახერხა ავტომობილის შეძენა.
გარდა იმისა, რომ ეს პირველ რიგში ავტოიმპორტიორთა ბიზნესს დაარტყამს და გააკოტრებს, დიდი ალბათობით გაუარესდება ზოგადად, ცხოვრების ხარისხიც.

ექსპერტთა ნაწილი მთავრობის გადაწყვეტილებას საბიუჯეტო კრიზისს უკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკამ მოსახლეობის სწრაფი გაღარიბება გამოიწვიოს.

რატომ გახდა საჭირო აღნიშნული ცვლილებები. რაზე ზრუნავს მთავრობა ეკოლოგიაზე, საცობების განტვირთვაზე თუ ბიუჯეტის შევსებაზე?

როგორც ავტოიმპორტიორთა ნაწილი „ფორტუნასთან“ ამბობს, ასეთი ცვლილებისთვის ქვეყანა მზად არ არის. თუმცა, იმის გამო, რომ ხელისუფლებას საბიუჯეტო კრიზისი აქვს, რადიკალური და მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა უწევს.

მათი ნაწილი აბსოლუტურად არ ეთანხმება იმას, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მოძრაობა ქალაქში გადაადგილების გარკვეულ პრობლემებს ქმნის.

„რომელ ავტომობილებს შეეხებათ გაზრდილი აქციზი? რომლებიც 31 დეკემბრიდან გზაში იქნებიან თუ 1 იანვრიდან? ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა მთლიანობაში სისულელეა. საშინელ კრიზისს გამოიწვევს, როგორც ავტოიმპორტიორებისთვის, ასევე ყველასთვის. ჯერ თითოეული ოჯახი უნდა გაეძლიერებინათ და შემდეგ მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილებები. თუ გარემოზე ზრუნავენ პირველ რიგში უნდა აკრძალონ ძველი ავტომობილების მოძრაობა. მე ვფიქრობ ლოგიკას არ ექვემდებარება. წარმოიდგინეთ სახელმწიფო სამსახურებში 10% შემცირდება ხალხი. რამდენი თანხა მოაკლდება წარმოიდგინეთ ბიუჯეტს. ამ ბიუჯეტის შევსება ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით უნდათ, მაგრამ ამ ხალხს ფული აღარ ექნება. არ ვიცი… დავტოვებთ ქვეყანას და წავალთ“, – განაცხადა როსტიაშვილმა „ფორტუნასთან“.

ნიკოლოზ როსტიაშვილი ვარაუდობს, რომ ეს ცვლილებები სულ მცირე, მასშტაბური და პერმანენტული აქციების გამომწვევი გახდება.

ამ სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ ავტომფლობელებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს შეეხება, რადგან გაძვირდება ყველა პროდუქტი.

მძღოლები კი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ნებისმიერი სახის აკრძალვები და შეზღუდვები გამართლებული არ არის და უმჯობესია სახელმწიფომ ხელშემწყობი პოლიტიკა აწარმოოს და წამახალისებელი შეღავათები დააწესოს.

„ასეა მაგალითად, ელექტრომობილებსა და შედარებით ახალ ავტომობილებზე. რაც შეეხება აქციზის ზრდას, ერთი შეხედვით ამაში კარგი არაფერია, მაგრამ მონეტას ხომ მეორე მხარეც აქვს. საქართველოში ავტომობილების რაოდენობა და ხარისხი უკონტროლო გახდა და ლამის ქაოსში გადაიზარდა. რაიმე გამოსავლის და გნებავთ ზომების მიღება უკვე აუცილებელიც კი არის. რამდენად გაამართლებს გამოსავლის ეს ფორმა, ამას პასუხს მხოლოდ დრო გასცემს, თუმცა უკმაყოფილება რომ მოჰყვება მარტივი პროგნოზირებადია. ხალხი მიჩვეულია ამ რეალობას და თუ ახალი რეალობის შექმნა მათ შემოსავლებსა და შესაძლებლობებს აღემატება და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ფეხი ვერ აუწყო, ბუნებრივია პროტესტს გამოთქვამს“, – განაცხადა ჩვენთან ვახტანგ დარასელიამ.

ვახტანგ დარასელია ჩვენთან კიდევ ერთ და მთავარ პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით სახელმწიფო გადაადგილების ალტერნატიულ ვარიანტს (ყოველ შემთხვევაში დედაქალაქში) ვერ უზრუნველყოფს.

„არასაკმარისი ტრანსპორტი იწვევს იმას, რომ ხალხი იძულებულია საკუთარი ავტომობილით გადაადგილდეს. ხშირად დისკომფორტს ქმნის გაუთავებელ საცობში ყოფნა, პლუს მანქანის ხარჯები, მაგრამ უბრალოდ არ არსებობს სხვა გზა. პიკის საათებში ტაქსისაც ვერ გააჩერებ (როგორც ტრანსპორტს), რომ არაფერი ვთქვათ გადატვირთულ „მარშუტკებზე“ და 25-35 წუთიან ავტობუსის ლოდინზე. მოკლედ, ზომების მიღება უკვე აუცილებელია, უბრალოდ სად ხელისუფლებამ ზუსტად უნდა გათვალოს რას და რისთვის აკეთებს და რეალურ გამოსავალს მიაგნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქალაქში ცხოვრება შეუძლებელი გახდება“, – განაცხადა დარასელიამ.

რატომ შეეხება საწვავზე აქციზის ზრდა თითოეულ მოქალაქეს, ამაზე ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ “საწვავზე გადასახადი მომხმარებლის გადასახადია, რადგან საწვავის ხარჯი, ნებისმიერი საქონელის ფასში შედის რაც ყველა მოქალაქეს მძიმე დააწვება, ყიდულობს თუ არა ის კონკრეტულად საწვავს”.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაპოპულარული ნაბიჯია და უარყოფით გავლენას საბოლოოდ მომხმარებლის ფინანსურ კეთილდღეობაზე მოახდენს. დაგეგმილი ღონისძიებები, დაუგეგმავ ლარის კურსის გაუფასურებასთან ერთად სავარაუდოა, რომ ცხოვრების ღირებულების გაზრდასა და ამის საპირისპიროდ ცხოვრების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს.