LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყოველთაო ჯვრისწერა, ოჯახების დალოცვა და მსვლელობა სამებისკენ – 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები

250

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, „ვარდების მოედნიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყობა. მსვლელობის დაწყებამდე, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, 10:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს. ასევე, 10:00 საათზე სადღესასწაულო წირვა დაიწყება ქაშვეთის ტაძარში, სადაც 10 მეუფე წირავს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 11:30 საათზე, ფილარმონიასთან პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები, ასევე მრევლი შეიკრიბება და „ვარდების მოედნისკენ“ გაემართება.

12:00 საათზე აწყურის ღვთისმშობლის ხატით „ვარდების მოედნიდან“ ქაშვეთის ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ, ქაშვეთთან ექვსშვილიან 300–მდე ოჯახს დალოცავენ.  მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდება, სადაც დაახლოებით, 14:00 საათზე პატრიარქი სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.

დღესვე  სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება, რომლის დროსაც ჯვარს 50–მდე წყვილს დაწერენ. მათ უწმინდესი დალოცავთ.

საყოველთაო ჯვრისწერა რეგიონებშიც გაიმართება, სადაც ჯვარს 400–ზე მეტი წყვილი დაიწერს.
20:00 საათზე, „რუსთაველის თეატრში“ ასევე ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს მიეძღვნება.

17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2014 წელს გამოცხადდა.

წელს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები