LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ

228

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით − 50 დოლარად. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამი თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი ორი თვის განმავლობაში შენარჩუნდება. აქცია არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას. საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღებას უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქე შეძლებს.

თეა წულუკიანის განცხადებით, აქციის მიზანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დახვეწა და მასში საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უტყუარი და სანდო ბიომეტრიული მონაცემების არსებობაა.

უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბიომეტრიული მონაცემები პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების შემდეგ მოხვდება მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამომრჩეველთა სიის სრულყოფას, გაზრდის მის სანდოობას. გარდა ამისა, პასპორტის ან პირადობის მოწმობების ვადის გასვლის გამო, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ვერ ახერხებენ საქმისწარმოებას, საზღვრის კვეთას; ვერ სარგებლობენ ელექტრონული სერვისებით, რომელთაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემასაც გადაჭრის, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პოპულალურები