LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებებს” – მარგველაშვილი მთავრობის სხდომის მოწვევას ითხოვს

38

გიორგი მარგველაშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და ამ მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

მარგველაშვლი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართავს და მასზე პირადად დასწრებას გეგმავს.

როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე, მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით წარსდგება.

„საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლების და საკუთრების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას.

მე პოლიტიკური ქულები არ მაქვს დასაწერი და არც კენჭს ვიყრი, არც კამპანიაში ვმონაწილეობ, ამიტომ ვაცხადებ, ჩვენ გვჭირდება ვითარების ადეკვატური შეფასება და ადეკვატური ზომების განხორციელება. არაადეკვატური ღიმილი ან სიცილი ამ ვითარებას უკეთესობისკენ არ შეცვლის. არაადეკვატური ღიმილის ფონზე არსებული არჩევნები ვერ გახდება ქართული დემოკრატიის გაღრმავების შემდგომი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით.

ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერმინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სწორედ ამ საკითხების ანალიზის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას. სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით წარვსდგები მთავრობის წინაშე. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოსთვის. ქართული საზოგადოებისთვის და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიისთვის,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები