LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალ სეზონამდე არცერთი გადაცემა არ დაიხურება

90

„საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი სეზონის დადგომამდე არცერთი გადაცემა არ დაიხურება“,  – ამის შესახებ განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ და ბორდის წევრმა სულხან სალაძემ განაცხადეს.

მათივე თქმით, ამ ეტაპზე, მენეჯმენტის შემოთავაზება, რომელიც გულისხმობდა გადაცემების დაყოფას მწვანე, ყვითელ და წითელ ფერებად, აღარ არის აქტუალური, ვინაიდან, სულხან სალაძის თქმით, გასულ კვირას მენეჯმენტს სამეურვეო საბჭომ სამსახურეობრივი ბარათი წარუდგინა, სადაც მენეჯმენტი ადასტურებს, რომ მიმდინარე ბადე 17 ივლისის ჩაათვლით იქნება გათვალისწინებული და ყველა გადაცემა ფუნქციონირებას გააგრძელებს.

„პარალელურად, მენეჯმენტი საუბრობს, რომ იგი გამოაცხადებს კონკურსს ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელთაც შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ახალ სეზონზე, რომელიც სექტემბერში გაეშვება, თუმცა, ხვალ ჩანიშნულია სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც უფრო ბევრი საკითხი ცხადი და ნათელი გახდება“,– განაცხადა სულხან სალაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ამ გეგმის მიხედვით რეფორმა განხორციელდება სრული ტემპით და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ

„რამდენიმე დღის წინ, მოხდა ბორდთან შეთანხმება. გეგმაზე ხვალ ვისაუბრებთ სამეურვეო საბჭოსთან და მოხდება ახალი სატელევიზო გეგმის დამტკიცება. ამის შემდეგ ვისაუბრებ დეტალებზე. ამ გეგმის მიხედვით, კონკურსი 10 მარტს გამოცხადდება, რომელშიც ყველას შეეძლება მონაწილეობის მიღება. ამ გეგმის მიხედვით, რეფორმა განხორციელდება სრული ტემპით და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ასევე საუბარი მიმდინარეობს ტელევიზიის შენობის რემონტთან დაკავშირებით.

ტელევიზიის მენეჯმენტს არ ენდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალურმა პროდიუსერმა დოდო შონავამ. ის მენეჯმენტისგან დეტალურად გაწერილ გეგმას მოითხოვს.

„ნდობა ამოწურულია მენეჯმენტის მიმართ, შესაბამისად, ეს არ არის გარანტია. მოვითხოვ დეტალურად გაწერილ გეგმას თუ როგორ განხორციელდება ახალი სეზონისთვის მზადება, რა ტიპის აქტივობები იქნება. ასევე, მოვითხოვ ყველა საკადრო გადაწყვეტილება მიღებული იყო მას შემდეგ, რაც განისაზღვრება თითოეული თანამშრომლის უნარ-ჩვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ  ისინი ჩართულები იყვნენ ახლი სეზონის მზადებაში“,- განაცხადა დოდო შონავამ.