LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივ მაუწყებელზე კანონპროექტში საფრთხეს უმცირესობაც და უმრავლესობაც ხედავს

25

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტში კორუფციის საფრთხეს ხედავენ როგორც უმცირესობაში, ასევე უმრავლესობაში.

საუბარია პროექტის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებებით კორუფციის რისკი იზრდება. რატიანმა რეკლამასთან დაკავშირებულ ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროექტით შეთავაზებული ინიციატივა მედია-გარემოს უქმნის საფრთხეს, რადგან ”საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფოსგან ეძლევა თანხები, რომელიც თანდათან ხდება უკონტროლო და პარალელურად, მას ეძლევა რეკლამის განთავსების საშუალება”.

პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტიდან გამომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა რევაზ არველაძემ.

”უკონტროლო, ტენდერების გარეშე შესყიდვები, ასევე სტარტაპების დაფინანსება შეიცავს საფრთხეებს, რომ შეიძლება კორუფციასთან გვქონდეს საქმე,” – აღნიშნა არველაძემ.

”მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები