LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სებ-მა 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა

463

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბანკში გაიმართა. ახალი მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

როგორც გვენეტაძემ პრეზენტაციისას განაცხადა, ეროვნული ბანკისათვის გამორჩეულად საამაყო იყო ამ პროექტზე მუშაობა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობა არის ის ფუნდამენტური ღირებულება, რომელსაც უდიდესი როლი აქვს საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში.

“1918 წლის 26 მაისს დაარსდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. სხვათაშორის, ამავე პერიოდში, 1919 წელს შეიქმნა პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ სულ რაღაც 3 წელი იარსება, საკმაოდ მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ვითარებისა, შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა რეგულარული არმია, შექმნა დემოკრატიული მართვის ორგანოები, რომლებიც კონსტიტუციით კიდევ უფრო განამტკიცა, ჩამოაყალიბა სახელმწიფო სიმბოლიკა, ჩაატარა თავისუფალი საყოველთაო არჩევნები, საკმაოდ მოკლე ხანში შექმნა საკანონმდებლო მემკვიდრეობა. ჩამოაყალიბა პროფესიული კავშირები, გაატარა ფულად-საკრედიტო რეფორმა, შექმნა და მიმოქცევაში გაუშვა პირველი ქაღალდის ფული – ქართული ბონი, გაატარა მიწის, განათლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები, დააფინანსა ათეულობით სტუდენტი უცხოეთში სწავლის მისაღებად; საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე სახელმწიფოს, ყოფიერებას, კანონებს და კულტურას. სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას შეუსრულდა 100 წელი და სწორედ ეს ფაქტი ხდის ჩვენს პროექტსაც ორმაგად გამორჩეულს. საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნას და 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტას უძღვნის. ეროვნული ბანკი ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

რაც შეეხება მონეტას, როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი მამუკა გონგაძეა. რევერსი აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: “საქართველო”, “10 ლარი”, “2018” და “GEORGIA. მისი წონა 15.5 გრამია, დიამეტრი 33 მმ, ხოლო. რაოდენობა 1500 ცალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები