LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Second hand – ბრენდული სამოსი იაფად თუ საფრთხე ჩვენი ჯანმრთელობისთვის

„ბრიტანული ბრენდები“, „ამერიკული ტანსაცმლის მეორე სიცოცხლე“, „Second Hand”, „ძონძო არმანი“, უბრალოდ „მეორადი ტანსაცმელი“ თუ „ევროპული ბრენდები“ – ეს არასრული ჩამონათვალია მაღაზიათა იმ სახელწოდებებიდან, სადაც ამერიკის თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ათობით ტონა მეორადი სამოსი იყიდება.

თითქმის ორი ათეული წლის წინ საქართველოში ჰუმანიტარული სახით შემოსული ევროპული, მეორადი ტანსაცმელი ადგილობრივ ბაზარზე შემოსავლის ერთ-ერთ სარფიან წყაროდ იქცა. იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროისთვის ტანსაცმლის ქართული ბაზარი ევროპული ბრენდებით არ იყო განებივრებული, ამ ტიპის მაღაზიებმა მოსახლეობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

გარდა იმ მიმზიდველი ფაქტორისა, რომ სამოსი არის ბრენდული, მას აქვს სპეციფიკური, მძაფრი, დამახასიათებელი სუნი, რომელიც  აუცილებელი ქიმიური დამუშავების ნიშანია. თუმცა, სპეციალისტების აზრით, სწორედ ისეთი სამოსია სახიფათო, რომელსაც მსგავსი სუნი არ აქვს. კიდევ ერთი, ასეთი ქიმიურად დამუშავებული სამოსი დერმატოლოგიური დაავადებებისა და ალერგიის შესაძლო საფრთხეცაა

სოფო 2 მცირეწლოვანი შვილის დედაა. როგორც ის „ფორტუნას“ უყვება, მისი და მისი შვილების გარდერობის 90% მეორადი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისგან შედგება, თუმცა,  ამით  არც მის და არც მისი შვილებს ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.

„ვყიდულობ ყველაფერს, რაც გვჭირდება – შარვალი, მაისური, ქურთუკი, ფეხსაცმელი. მსგავსი ხარისხის სამოსს ქართულ ბაზარზე ვერ ვნახულობ, შესაბამისად ვირჩევ ევროპულს, ამერიკულს, მეორადს, თუმცა, კარგს. ხანდახან მხვდება ისეთი რაღაცებიც, რომლებსაც იარლიყიც კი აქვს, ანუ ის საერთოდ არაა ჩაცმული. ბუნებრივია, ვრეცხავ და ისე მოვიხმართ,“ – ამბობს სოფო.

მეორად სამოსს არა, თუმცა, სათამაშოებს მცირეწლოვანი შვილებისთვის ხშირად ყიდულობს ელენე დოლიძე. როგორც ის „ფორტუნასთან“ ამბობს, მეორადი სათამაშოების მაღაზიებში ბევრად უკეთესი ხარისხის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი ხელმისაწვდომ ფასად, ვიდრე სხვა მაღაზიებში. არჩევანის გაკეთების მიზეზიც სწორედ ესაა. თუმცა, ერთადერთი, რასაც არ ყიდულობს, არის მეორადი ე.წ. რბილი სათამაშოები.

დერმატოლოგი ნინო ოთარაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას მეორადი სამოსის მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მათი ჩაცმა ყიდვისთანავე ან მოსინჯვა გარეცხვამდე დაუშვებელია. მისი თქმით, ამ მეთოდით მოხმარებული ტანსაცმელი პარაზიტული,  დერმატოლოგიური და ალერგიული დაავადებების საფრთხეა. მას მეორადი ტანსაცმლის მოხმარებისას გართულებებით  ხშირად არა, თუმცა მაინც მიმართავენ.

„დიდი შანსია, ალერგია გამოიწვიოს იმ სადეზინფექციო საშუალებებმა, რომლითაც ეს პროდუქცია მუშავდება. ამიტომ აუცილებელია, ეს ნივთიერებები ჩამოშორდეს სამოსს. ასევე, შემდეგ ეტაპზეა უკვე ის ბაქტერიოლოგიური ინფექციები იქიდან გამომდინარე, როგორი ჰიგიენური პირობებია სათავსებში, სადაც ეს პროდუქცია ინახება. გარეცხვამდე არაა რეკომენდირებული მისი ჩაცმა. ყიდვის შემდეგ ის აუცილებლად უნდა გაირეცხოს და სათანადოდ გაივლოს, რათა ჩამოირეცხოს ის ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები,“ –  აღნიშნა ნინო ოთარაშვილმა.

ექიმი დერმატოლოგი იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ალერგია ან ასთმა, მსგავსი ტიპის პროდუქციის ყიდვისგან თავის შეკავებას ურჩევს. მისივე რეკომენდაციით, მიუღებელია მეორადი ფეხსაცმლისა და სათამაშოს ყიდვა.

„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ მეორადი სათამაშოების ბავშვებისთვის ყიდვის. ამ შემთხვევაში საუბარი არამხოლოდ ბაქტერიაზე და სოკოზეა, არამედ ტუბერკულოზზეც. ბავშვები ხშირად იდებენ სათამაშოებს და ნივთებს პირში. სჯობს შევუძინოთ პატარას ახალი და არა მეორადი სათამაშო,“ – ამბობს  „ფორტუნასთან“ ნინო ოთარაშვილი.

„ფორტუნამ“ ინტერნეტით მოიძია რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ შეიძლება, მოვაცილოთ უსიამოვნო სუნი მეორად პროდუქციას.

  • ამისთვის დაგჭირდებათ რამდენიმე ლიტრი წყალი და 10%-იანი ნიშადურის სპირტი. მსუბუქი ტანსაცმელი (პერანგი, ბლუზი, ქვედაბოლო) რამდენიმე წუთით უნდა ჩაალბობთ წყლისა და ნიშადურის სპირტის ნაზავში (5 ლ. წყალი + 20 მლ. ნიშადურის სპირტი). უფრო დიდი გაბარიტის მქონე ტანსაცმელს კი მეტად კონცენტრირებული (10 ლ. წყალი + 100 მლ. ნიშადურის სპირტი) ნაზავი დასჭირდება და ჩალბობის ხანგრძლივობაც რამდენიმე საათით უნდა გაიზარდოს.
  • ბამბის ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლისთვის საკმარისია 30-40 წუთით ჩალბობა, ხოლო ბეწვეულსა და სინთეტურ სამოსს 5-6- საათი სჭირდება. ამის შემდეგ აუცილებელია ტანსაცმლის გაწურვა და სუფთა ჰაერზე გაკიდება რამდენიმე დღის  განმავლობაში.

გაერო-ს მონაცემებით, მეორადი ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი აშშ-ია, ის წელიწადში საშუალოდ 687 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელს გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში. მეორე ადგილს ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი იკავებს, რომელსაც წლიურად, დაახლოებით, 602 მილიონი დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გააქვს ექსპორტზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ხუთეულში შედიან გერმანია, სამხრეთ კორეა და ნიდერლანდები. ათეულში კი ბელგია, კანადა, პოლონეთი, იტალია და იაპონია.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი