LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკის შემადგენლობა, შესაძლოა, მხოლოდ დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდეს

60

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის შემადგენლობა, შესაძლოა, მხოლოდ დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდეს.

სემეკის წევრების არჩევის კრიტერიუმების შეცვლა “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტით იგეგმება, რომელიც პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რევაზ არველაძემ წარუდგინა.  კერძოდ, ინიცირებული პროექტის მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

ამავე ცვლილებებით, სემეკის ხუთი წევრიდან კომისიის ორი წევრი სავალდებულოა იყოს პროფესიით ენერგეტიკის სპეციალისტი, ერთი – გაზმომარაგების სპეციალისტი და ერთი – წყალმომარაგების სპეციალისტი. ჩამოთვლილი დარგის სპეციალისტების გარდა, მხოლოდ ერთი წევრი დასაშვებია იყოს პროფესიით ეკონომისტი ან იურისტი.

აღნიშნული სპეციალისტები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი დონის პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით. პროექტის მიხედვით, თუ კომისიის წევრს თანამდებობა ვადაზე ადრე შეუწყდა, გათავისუფლდა თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, ან იწურება თანამდებობის დაკავების 6-წლიანი ვადა, კომისიის წევრის ხელახალი არჩევის დროს, თანამდებობის დაკავებისათვის დადგენილი კრიტერიუმები უნდა იქნეს გათვალისწინებული.

აღნიშნული რეგულაცია არ იმოქმედებს ამჟამინდელ მოქმედ კომისიის წევრებზე მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ან ვადაზე ადრე შეწყვეტამდე.

ცნობისთვის, სემეკი 5 წევრისაგან შედგება. კომისიის წევრთა კანდიდატურებს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს პარლამენტს, რომელიც კომისიის წევრებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები