LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკელი მერვეკლასელები ნასადან საკუთარ პროექტებზე და გამარჯვებაზე ყვებიან

101

სენაკელმა მერვეკლასელებმა ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში საზაფხულო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

ახალგაზრდები ერთკვირიან სასწავლო პროგრამას ნასაში, სხვა ქვეყნის ნიჭიერ ბავშვებთან ერთად გადიან. ამის გარდა, ქართველი ახალგაზრდები ნასას ლაბორატორიას, მუზეუმებს და სხვა ისეთ ადგილებს ათვალიერებენ, რომლებიც მათზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

მერვეკლასელმა სენაკელებმა “ნასას ბილეთი” ათასწლეულის ინოვაციის კონკურსშიგამარჯვებით მოიპოვეს. ახალგაზრდა გამომგონებლებს “ამერიკის ხმა” ჰიუსტონში ეწვია.

ერთ-ერთი გამარჯვებული ახალგაზრდა ლიკა კოკაია ამბობს, რომ კონკურსში პირველ ადგილზე გასვლას არ ელოდებოდა, რადგან ძალიან ძლიერი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

“როცა გავიგეთ, რომ გავიმარჯვეთ ვკიოდით, ვტიროდით… შემდეგ შეგვახსენეს, რომ სცენაზე უნდა ავსულიყავით”, – განაცხადა ლიკა კოკაიამ.

ქართველი ახალგაზრდების ერთ-ერთი პროექტი მეწყერსაშიშ ზონებში, საფრთხის დროს, მოსახლეობისთვის SMS შეტყობინებების გაგზავნაა.

“ხელსაწყო გრძნობს მეწყერის მოახლოებას და აგზავნის შეტყობინებას, დარეგისტრირებულ მოსახლეობასთან “, – ყვება ნათია შამათავა.

ამ გამოგონების კიდევ ერთი ავტორი ალექსი ტყებუჩავა ხელსაწყოს მუშაობის პრინციპსაც ხსნის:

“მიწაზე დამონტაჟებულია მაგნიტი, ხოლო რამდენიმე მილიმეტრით მაღლა, იქნება სენსორი. მიწის ზედაპირის ცვლილება იწვევს მაგნიტის ადგილმდებარეობის ცვლილებას, ეს იმას ნიშნავს, რომ იცვლება მაგნიტური ველის ინტენსივობა, რასაც აღიქვამს სენსორი და გადასცემს მიკროპროცესორს, მიკროპროცესორი კი ცენტრალურ სერვერსა და პლანშეტებს. ეს საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ და დავაკვირდეთ მეწყერსაშიშ ზონებში პროცესების მიმდინარეობას”.

გვანცა ჩიქოვანის გუნდმა კი, ორი ჯავშანი შექმნა, ერთ შემთხვევაში ჯავშანი სხეულს ან ნივთს მაღალი ტემპერატურისგან იცავს, ხოლო მეორე შემთხვევაში – დაბალი ტემპერატურისგან.