LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესხის აღებისას ეფექტური განაკვეთის შესახებ მოხმარებლის ინფორმირება სავალდებულო ხდება

96

ფინანსურ ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებლისთვის სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პირადი შეთავაზებებისას მას მიაწოდოს ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ – ამის შესახებ წერია “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში”, რომელთა გათვალისწინებაც ფინანსურ ორგანიზაციებს 2018 წლის 14 მაისიდან მოუწევთ.

უწყების ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, გამკაცრდა მომხმარებლის ინფორმირების მოთხოვნები სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზებისას.

მათივე ცნობით, აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება, მათ შორის, ისეთი დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით პროდუქტის შეთავაზებაზე, როგორიცაა, მაგალითად, ინტერნეტ-ბანკი, გადახდის თვითმომსახურების კიოსკები და ბანკომატები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ა.შ. მაგალითისათვის, თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რომ თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი, სავალდებულოა, რომ შეტყობინებაში ასევე იყოს მითითებული ამ შეთავაზების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით, ამგვარი ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუ შეთავაზებაში პროდუქტის ფასის განმსაზღვრელ ნებისმიერ პარამეტრს მიუთითებდნენ.

ამასთან, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით ხელშეკრულებების დადების წესი, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და შეთავაზების პირობების წინასწარ მიწოდებასა და ამ ინფორმაციის შემდგომ ხელმისაწვდომობას, ასევე მომხმარებელთან ზეპირი კომუნიკაციის სტანდარტებს. ზემოაღნიშნული ცვლილება შესაბამისობაშია “მომხმარებლის ფინანსური მომსახურების დისტანციური მარკეტინგის” შესახებ ევროდირექტივის მოთხოვნებთან.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულება უზრუნველყოს სესხების გამჭვირვალედ ამორტიზაცია, რაც გულისხმობს დარიცხული პროცენტის დაანგარიშებისას ყოველდღიური დარიცხვის პრინციპის გამოყენებას. ასევე, დაზუსტდა ხელშეკრულების ფორმების ნიმუშები მათი შინაარსის უფრო ცხადად გამოხატვისა და მომხმარებლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები