LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილი, ანგელა მერკელი, ლელა წურწუმია და სხვები – ვის ისურვებდნენ მეკვლედ რიგითი მოქალაქეები

316

მეკვლე – ახალი წლის მისალოცად მიწვეული კარგი ფეხის მქონე მეზობელი, რომელსაც ძველი რწმენით კარგი წელი უნდა დაებედებინა ოჯახისთვის. მეკვლე ერქვა ასევე ოჯახის იმ წევრსაც (უმეტესად უფროს მამაკაცს), რომელიც დილა ბნელზე ტაბლით სახლს შემოუვლიდა და შემდეგ ოჯახს უკვლევდა.

ქართველები ”გარედან შემოსულ” ფეხსა და თვალს ყოველთვის აქცევდნენ ყურადღებას, უცხო ადამიანი კი ოჯახში შესვლისას ყოველთვის ილოცებოდა – კეთილი იყოს ჩემი ფეხიო, მეკვლეობის ტრადიციაც სწორედ აქედან მოდის.

”შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა” – უწინ მეკვლეს, იმავე მეფეხეს, გურიაში კუჩხასა და სამეგრელოში მეკუჩხარს გულმოდგინედ არჩევდნენ, იკვლევდნენ “როგორი ფეხი ჰქონდა” და წინასწარ უთანხმდებოდნენ, რომ ახალი წლის ღამეს სწორედ მასთან მისულიყო, ოჯახში ”კარგი ფეხის” პატრონს, ანუ ფეხბედნიერს ხვავი, ბარაქა და ბედნიერება შეეტანა. ხშირად, ასეთი ადამიანი ისეთი მოთხოვნადი ხდებოდა, ქართული ფილმისა არ იყოს, რამდენიმე ოჯახში უწევდა ახალი წლის ღამეს მისვლა. მეკვლის შემოსვლისა და მიღების ტრადიცია სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირია.

რადიო ”ფორტუნამ” წინასაახალწლოდ გადაწყვიტა გამოკითხვა ჩაეტარებინა, თუ ვის ისურვებდნენ ქართველი პოლიტიკოსებიდან და ცნობილი ადამიანებიდან (მათ შორის, უცხოელი ცნობილი ადამიანებიდან) რიგითი მოქალაქეები მეკვლედ.

გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათთვის ახალი წლის ღამეს ყველაზე ფეხბედნიერი ბარაკ ობამა (ძნელი წარმოსადგენია მისი სახე ამ შეთავაზებაზე), კახა კალაძე, დავით თარხან-მოურავი, ლევან ბერძენიშვილი და ირაკლი ალასანია იქნებიან. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მეკვლის ტრადიცია მათთვის საერთოდ არაა მისაღები და პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს.

სასურველ მეკვლეებში ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსებიდან დასახელდნენ გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, შალვა ნათელაშვილი, დავით თარხან-მოურავი, ანგელა მერკელი, დონალდ ტრამპი და ჯასტინ ტრუდო.

მოქალაქეების ნაწილს ასევე სურს, რომ ახალი წლის ღამეს სახლში მეკვლის სტატუსით მიიპატიჟოს ჯონი დეპი, ნინო ქათამაძე, პრინცი ჰარი, რუსკა მაყაშვილი, ჯგუფი ”ზურგი”, მერაბ სეფაშვილი, ხავიერ ბარდემი, ლელა წურწუმია, მაკა ასათიანი, სკარლეტ იოჰანსონი (და არა მხოლოდ მეკვლედ), ლევან წულაძე და კახი კავსაძე. გამოკითხულთა შორის იყვნენ უცნაური სურვილების მქონე ადამიანებიც, რომლებსაც მეკვლედ გასულ საუკუნეში გარდაცვლილი ნიკო ფიროსმანი უნდოდათ.

ეს მათი სურვილებია, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მოვემზადოთ ახალი წლის შესახვედრად და იმედი, ვიქონიოთ რომ შემთხვევითი ან წინასწარ, საგულდაგულოდ შერჩეული მეკვლე ფეხბედნიერი იქნება, 2017 წელი კი წარმატებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები