LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანტაჟის ენით იმათ ელაპარაკეთ, სადაც ეგ საუბარი გაგდიოდათ – კახა კალაძე არასამთავრობოების ნაწილს

56

შანტაჟის ენით მათ ელაპარაკეთ, სადაც ეგ საუბარი გაგდიოდათ, – ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს. კალაძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ერთ-ერთი ლეკვი მკვდარ ძაღლებში ჩასვეს.

კალაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ემსახურება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დისკრედიტაციას.

კალაძე იმედოვნებს, რომ დამნაშავე უმოკლეს ხანებში გამოვლინდება და დაისჯება პირი, რომელმაც „ამაზრზენი დანაშაული ჩაიდინა და უმწეო ლეკვი განათავსა მკვდარ ცხოველებთან, რითაც დაარღვია შიდა სანიტარული წესები“.

“ეს არის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მიმდინარე რეფორმების და საკადრო გადაწყვეტილებების შედეგი. ვგულისხმობ ხელშეკრულებების გაწყვეტას ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის კონკრეტულ ადამიანებთან და ორგანიზაციებთან, ამასთანავე, გამოვხატავთ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ განვახორციელოთ ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში გამოვყოფთ დამატებით თანხებს და მზად ვართ ერთიანი ძალისხმევით მოვაგვაროთ ეს პრობლემები. თუმცა შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. საუბარი იყო, რომ სააგენტოს მხრიდან მომხდარიყო პასპორტების შეძენა ორგანიზაციებისგან, იყო დასაქმებების მოთხოვნა, იყო წამლების შესყიდვის მოთხოვნა და ა.შ. შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. შანტაჟის ენით იმათ ელაპარაკეთ, სადაც ეგ საუბარი გაგდიოდათ. თუმცა ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ ერთად განვახორციელოთ ის რეფორმები, რაც გასაკეთებელია, ” – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ეს საქმე პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები